25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 1998 წელს დაბადებული გ.ო. და 1994 წელს დაბადებული ე.ი.
„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი – 1975 წელს დაბადებული ფ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ო და ე.ი. ცხელ კვალზე, ბრალდებულების სახით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.