„ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავა ეხმაურება.
ლანა გალდავას სიტყვებით, „ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითთან“ მარცხდება“.
„ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელო“ პირობას გაძლევთ, რომ ყველა კანონი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური აუცილებლად გაუქმდება და ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე დამკვიდრდება“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
ცნობისათვის, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
„მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
