LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ეხება თანხებს, რომელიც უცხოურ საელჩოებს თავიანთი ქვეყნებიდან თავიანთი საქმიანობისთვის ერიცხებათ და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებს, რომელიც კანონის ქვეშ ხვდება“

116
გურამ მაჭარაშვილი

„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში საუბარია თანხებზე, რომელიც თავად საელჩოებს, საკონსულოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყნებიდან ერიცხებათ. სწორედ ამ თანხებზეა საუბარი და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომელიც თავისთავად კანონის რეგულაციის ქვეშ ხვდება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

 გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ხდება დაზუსტება და არა რაიმე ცვლილება“.

„საელჩოები თავიანთი ქვეყნებიდან მიღებულ თანხებს თავიანთ თანამშრომლებთან რომ გამოიყენებს, გასაგებია, რომ ეს მისი მიზნებია. საელჩო საკუთარი ქვეყნიდან თანხებს იღებს და საელჩოს შიგნით თანამშრომლებისთვის ხარჯავს. „გრანტების შესახებ“ კანონის რეგულაცია ასეთ თანხებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ საჭირო გახდა ამის დაზუსტება“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

„მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g