LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას“

248
ლანა ღოღობერიძე

„საქართველო, პირდაპირი გაგებით, ფეხზე დგას. ახალგაზრდა, იმედით სავსე, უშიშარი, მედგარი საქართველო! ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც მართლა არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის“, – ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე.

როგორც ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, „საქართველო დღეს ისე ცოცხალია, როგორც არასოდეს“.

„ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.

ამიტომაც მჯერა: დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ადგილი ქუჩაშია. მე თვითონ ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ს ან თუნდაც 80-ს და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენს გვერდით. მაგრამ ვირტუალურად, ანუ სულისკვეთებით, თქვენთან ვარ. ყოველთვის, ყოველ წუთს. და განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც, ასფალტზე დავარდნილს, ის რობოტოპები თავში ფეხს ურტყამდნენ!

საუბედუროდ, ეს კადრი ამ დროის კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას.

„დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს“ – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე

და კიდევ, ვფიქრობ, რომ ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა… როგორ შევაფარეთ თავი – ჩახტომით – ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ!

(ეს სულ უნდა გვახსოვდეს: მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!

წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერნანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს არ დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა:“მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ვიხსენებ ამ დაუვიწყარ მოვლენებს და ვფიქრობ: არაფერი არ ადუღაბებს ერს ისე, როგორც „ერთობა ისტორიისა“ (ილია).

დღეს სწორედ იმ დროშაში იყო გახვეული ის მშვენიერი გოგონა, რომელიც ისე უშვერდა თავს წყლის ჭავლს, თითქოს ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

და მე ნამდვილად მჯერა: საქართველო დღეს ისე ცოცხალია, როგორც არასოდეს!“ – წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

„ვერ დააბრალებთ ამ პროტესტს ძალმომრეობას, ქუჩას ალაგებენ, ერთმანეთს იცავენ, სამკაულად ატარებენ აირწინაღს და თოვლის სათვალეს!“ – დრამატურგი პაატა ციკოლია

საქართველო, პირდაპირი გაგებით, ფეხზე დგას. ახალგაზრდა, იმედით სავსე, უშიშარი, მედგარი საქართველო! ჩვენ დიდი ისტორიული…

Posted by Lana Gogoberidze on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g