„ლარის კურსის დღევანდელი გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით. ჩვენ ვთანხმდებით ეკონომიკურ გუნდში, მათ შორის ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჯერჯერობით, არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ლევან დავითაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელსაც სჭირდება სტაბილური გარემო და სტაბილურობა აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის სიმყარზეც და მის გაუფასურებაზეც.
ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმშვიდისკენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გარშემო არსებულ პანიკას არ აყვნენ, რადგან, როგორც თავად ამბობს, ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი ძალიან ჯანსაღი და მყარია.