„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომოტივო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზა 45 თანამედროვე სატვირთო ელმავალს შეისყიდის, რის შემდეგაც კომპანიის სალოკომოტივო პარკი სრულად განახლდება.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ასევე ხარისხი და გამოცდილება.
„ეს არის, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის ოდენობის ტენდერი. შესაბამისად, ისეთი მაღალი სტანდარტი გვაქვს აღებული, რომ მასში მონაწილეობა და გამარჯვებაც საუკეთესო მწარმოებლებს შეეძლებათ”, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
