LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ძებისაშვილი: “მოსახლეობა შეეცდება ყველანაირი ხერხით დატოვოს რუსეთი, ჩვენ გვჭირდება გაცილებით გამკაცრებული კონტროლი საზღვარზე”

88
BeFunky-collage (1)

„სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იყო. გამოუვალი მდგომარეობიდან, რაც შეიქმნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული სამხედრო ავანტიურა ჩავარდა,” – ასე შეაფასა საერთაშორისო ექსპერტმა ლაშა ძებისაშვილმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარი მიზნების შესასრულებლად დასჭირდა “სამხედრო რელსებზე გადასვლა”.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

“პუტინს 2 გამოსავალი ჰქონდა რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა „სამხედრო ოპერაცია“ და თავისი ჯარი შემდგომი დანაკარგების გარეშე გაეყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, განსაკუთრებით ხარკოვის ოლქის გათავისუფლების შემდეგ ან ჩაბღაუჭებოდა თავდაპირველ პოლიტიკურ ამოცანებს, რასაც ჰქვია უკრაინის არდაშვება ნატოში. შემდგომ ამან მოდიფიცირება განიცადა, საუბარი აღარ არის მთლიან უკრაინაზე, საუბარია მხოლოდ იმ დაკავებული ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, რაც რუსეთს მიაჩნია, რომ მისი ნაწილი უნდა გახდეს.

ცხადია, აქ საუბარია პირდაპირ ქვეყნის ოკუპაციაზე, ამიტომ იმისთვის, რომ ეს მიზანი შენარჩუნებული ყოფილიყო, ერთადერთი გზა იყო, ასე ვთქვათ, სამხედრო რელსებზე გადასვლის, რისი პირველი ნაბიჯი არის ნაწილობრივი მობილიზება, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის, სამხედრო მრეწველობის გადაყვანა იმ სპეციალურ რეჟიმზე, რასაც საომარი მოქმედება და მობილიზება გულისხმობს,” – აღნიშნა ძებისაშვილმა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ მობილიზაციაში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაც ჩაერთოს ექსპერტმა განმარტა:

„სამართლებრივად, აბსოლუტურად ყველა, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, ექვემდებარება მობილიზებას, მნიშვნელობა არ აქვს, სად არის საცხოვრებელი ადგილი, აფხაზეთია თუ პირობითად, როსტოვის ოლქი.

ცხადია, რომ აფხაზეთზე შედარებით ნაკლებად გავრცელდება, ვინაიდან რუსეთს აფხაზეთი აღიარებული ჰყავს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გაცილებით უფრო რთული ბერკეტებია, აიძულო „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ ამ მობილიზაციის ფარგლებში გამოაგზავნოს რეზერვისტები.

ეს შედარებით რთულია, მაგრამ თეორიულად, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა ბუნებრივია ექვემდებარება მობილიზებას.

აქ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი კაზუსი, რაც შექმნა რუსეთმა. ერთი მხრივ, აღიარა აფხაზეთი ვითომ დამოუკიდებელ ქვეყნად, მეორე მხრივ, ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა 80%-ი ერთდროულად რუსეთის მოქალაქეც არის.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

ექსპერტმა “დღის თემის” ეთერში ასევე გამოხატა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმი:

“ამ საკითხს აქვს ერთი მხრივ, ჰუმანიტარული და მეორე მხრივ, უსაფრთხოების ასპექტი.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვრის მკაცრი კონტროლი ჯერ კიდევ 2008 წლიდან უნდა დაწესებულიყო, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი პოლიტიკური მიზნები ანუ საბჭოთა კავშირის აღდგენა და უკრაინასთან ერთად, საქართველოს შეყვანა ახალ რუსულ იმპერიაში.

ეს გაცხადებული მიზნებია, რაც არაერთხელ დაუდასტურებია თავად პუტინს და არამხოლოდ მას.

რეალურად, ადეკვატური ხელისუფლება ამას უპასუხებდა იმით, რომ ძალიან მკაცრი რეჟიმი დაწესდებოდა საზღვარზე უამრავი მიზეზის გამო. დეტალებზე აღარ ვისაუბრებ, დივერსანტებიდან დაწყებული, ცალკე შეფარული აგენტებით დამთავრებული.
სამწუხაროდ, ეს არ ხდება.

რუსეთში მოვლენების რადიკალური განვითარების ფონზე, მოსახლეობა შეეცდება ყველანაირი ხერხით დატოვოს რუსეთი, რათა არ მოჰყვეს ამ მობილიზაციაში და ამ გადმოსახედიდან, ჩვენ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს ჰუმანიტარული ასპექტი.

მედია: რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო, არიან დაკავებულები

მესმის, ძალიან ბევრი შეიძლება კრიტიკულად იყოს განწყობილი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთი მხრივ, საზღვრის ჩაკეტვით ჩვენ რუსეთს და მათ შორის, პუტინის წინააღმდეგ განწყობილ მოქალაქეებს პრაქტიკულად ვეუბნებით, რომ თქვენ სხვა გამოსავალი აღარ გაქვთ, უნდა დარჩეთ რუსეთში და მიიღოთ მონაწილეობა მობილიზაციაში ან უნდა შეეწინააღმდეგოთ.

ან ჩვენ ვიყენებთ მექანიზმებს, იმისთვის, რომ გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ საქართველოში. სხვა შემთხვევაში ისინი ან იქნებიან ციხეში გამომწყვდეულები მათი წინააღმდეგობის გამო ან ძალით უკრავენ თავს ქვედანაყოფებში, შემდეგ იქ რა მოხდება ღმერთმა უწყის.
ამ გადმოსახედიდან, ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით გამკაცრებული კონტროლი საზღვარზე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. სავიზო რეჟიმი არა, მაგრამ იქნება ეს რბილი სავიზო რეჟიმი თუ გამკაცრებული უვიზო რეჟიმი, ყველა შემთხვევაში ახლა, ჩვენ გვჭირდება საზღვარზე კონტროლის გაცილებით დიდი ზომით გამკაცრება,” – აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა.

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – რას ამბობს “ოცნება” პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g