LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

1082
ისკანდერი მოქმედებაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად ორი კვირა გავიდა – მთელი ამ დროის განმავლობაში აგრესორი პუტინი არ მორიდებია მშვიდობიანი მოქალაქეების ჟლეტას, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, რასაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ოკუპანტები ახლაც, ამ წუთებშიც ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, განურჩევლად ყველაფრისა – თავს ესხმიან სამშობიაროებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს, თუმცა პუტინმა არც ეს იკმარა და ახლა მსოფლიოს ბირთვული ომის დაწყებითაც ემუქრება, რასაც მანამდეც ღიად აცხადებდა.

როცა ბირთვულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ის რეალური მოცემულობა, რომ რუსეთი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს, მათ შორის უკრაინის იმ რაიონებშიც ატარებს, სადაც ბირთვული ობიექტებია განთავსებული.

გარდა იმისა, რომ ოკუპანტებმა უკვე დაიკავეს ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურები, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩერნობილის სადგურში ელექტრომომარაგების სისტემა დაზიანდა და როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, დადგა რადიაციის გაჟონვის საფრთხეც.

ამასთან, რუსულმა ავიაციამ უკრაინის დედაქალაქის – კიევის შემოგარენში უკვე დაბომბა ბირთვული ნარჩენების ერთი სამარხი და ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონს შეუტია. ამ ფონზე კი სპეციალისტების შფოთვა პუტინის სახიფათო მუქარისა და ბირთვული ომის შესახებ, კიდევ უფრო გაძლიერდა, რაკიღა უკრაინას ატომური რეაქტორების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მეხუთე ადგილი უკავია. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს რეაქტორები შეიძლება იქცნენ „ადგილობრივ ატომურ ბომბებად.“

 

რა საფრთხეებს წარმოშობს საბრძოლო მოქმედებები ატომურ ელექტროსადგურებთან 

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია – ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორედ ეს რეაქტორები შეიძლება იქცნენ „ადგილობრივ ატომურ ბომბებად“, თუკი შემთხვევით ან სპეციალურად გაშვებული „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა მოხვდებათ, ან სულაც ჩამოგდებული თვითმფრინავი ან შვეულმფრენი დაეცემათ.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, მართალია ატომური ენერგობლოკების შენობები ზეგამძლე რკინაბეტონის მასალისგანაა დამზადებული და გათვალისწინებულია დამატებით დაცვაც, რომ მშვიდობიანობის პერიოდში მასზე შემთხვევით დაცემულ საშუალო ზომის თვითმფრინავს გაუძლოს, მაგრამ სპეციალურად ზუსტად ნასროლ „ისკანდერის“ 480 კგ-იანი ქობინის ან 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის მოხვედრას, საეჭვოა გაუძლოს.

ფოტოზე: რუსული „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა მოქმედებაში

 

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახლა არის ის, რომ იმ ატომურ ელექტროსადგურებში, რომელიც უკრაინაში მოქმედებს, სასწრაფოდ სპეციალისტები გაიგზავნოს და ამასთანავე, ჩერნობილის სამარხის გასაკონტროლებლადაც, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია, რადგან ის რუსებს აქვთ დაკავებული, დიდი ალბათობით სპეციალისტების მივლენა გაჭირდება.

„ამ ეტაპზე სპეციალისტების სასწრაფოდ გაგზავნა ყველასთვის გამოსავალია, მაგრამ იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ალბათ სააგენტო მათი წარმომადგენლების სიცოცხლით ვერ გარისკავს. ზოგადად, ვიდეოკამერები, რადიაციის გამზომი ხელსაწყოები სააგენტოს ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში გადასცემს, მაგრამ ჩერნობილის სადგურს ახლა რუსები აკონტროლებენ და შესაბამისად, თუ მათი სურვილი არ იქნება, ჩაკეტავენ და ინფორმაციას არ მიაწვდიან.

ერთადერთი, რაც სააგენტოს შეუძლია არის ის, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, მაგრამ ვხედავთ, რომ პუტინს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციაც კი არ აინტერესებს.

გარდა ამისა, ეჭვი მეპარება, რომ იმ სამხედროებმა, რომლებიც ჩერნობილსა და ზაპოროჟიეს სადგურებს უკვე აკონტროლებენ, სააგენტოს სპეციალისტები შეუშვან. თანაც, რუსებს მესამე სადგურის – „იუჟნაია უკრაინსკის“ აღებაც უნდათ,“ – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

რაც შეეხება სადგურების მნიშვნელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ალადაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ატომური მრეწველობა და ატომური ენერგეტიკული წყაროები გააჩნია, განსაკუთრებულ ზომებს იღებს იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

ამასთანავე, ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე ზრუნავს ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია, რადგან ნებისმიერი ატომური ინციდენტი, რომელიც ატომურ რეაქტორებთან ან ატომურ ელექტროსადგურებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ იმ ქვეყნების პრობლემებით არ შემოიფარგლება.

„საფრთხე ყოველთვის დიდია, რადგან ჩვენ გვახსოვს რა მოხდა ჩერნობილში, იაპონიაში. აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ ატომური ელექტროსადგურების ატომური ენერგობლოკები რაც შეიძლება დაცული იყოს, როგორც  ბირთვული უსაფრთხოების სახით, ისე ჯაჭვური რეაქციის მხრივ, რათა უფრო უსაფრთხო რეაქტორები იყოს“, – გვითხრა „არსენალის“ რედაქტორმა.

 

რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ევროპა ბირთვული ომის საშიშროების წინაშე 

 

ირაკლი ალადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ელექტროსადგურები გარე საფრთხეებისგანაც დაცულია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რა დროსაც კატასტროფის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, გარე საფრთხეებში იგულისხმება სადგურზე მეტეორის დაცემა ან მასზე თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის ჩამოვარდნა.

ფოტო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინა

 

როგორც ალადაშვილი ამბობს, მეტეორიტის დაცემის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ეს საფრთხეც არსებობს, ხოლო თვითმფრინავის ან შვეულმფრენის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი საფრთხე იქმნება, გამორიცხული კი არაფერია.

როგორც მანვე აღნიშნა, ამიტომაც ცდილობენ, რომ ატომური ენერგობლოკები რაც შეიძლება დაცული იყოს. ალადაშვილის თქმით, სადგურები განსაზღვრულია საშუალო ზომის საფრენი აპარატების სიმძლავრეზე, რომლის დაცემის შემთხვევაშიც, წესით არ უნდა დაინგრეს.

„თუმცა, რასაც ჩვენ ახლა უკრაინაში ვხედავთ, აბსოლუტურად სხვა რამაა – ესაა თანამედროვე ომი, რაკეტების, ჭურვების, ბომბების გამოყენებით. ერთია, რომ ამ სპეციალურმა შენობამ შეიძლება თვითმფრინავის დაცემას გაუძლოს და მეორეა, როდესაც შემთხვევით ან სპეციალურად რაკეტა ხვდება.

იგივე „ისკანდერის“ რაკეტა რომ ავიღოთ, მისი ქობინა 480 კილოგრამიანია, ასეთის მოხვედრის შემთხვევაში, არ მგონია, რომ შეაჩეროს. ან 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბის ჩამოვარდნა, მით უმეტეს, რომ ვხედავთ რუსეთი ბომბავს უკრაინის ყველა ქალაქს, განურჩევლად ყველაფრისა და თანაც ეს გახლავთ უმართავი ბომბები.

ამიტომაც, როცა საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ატომური ელექტროსადგურების, ატომური ელექტრობლოკების სიახლოვეს მიმდინარეობს, ეს მთელი ევროპისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან კაცმა არ იცის რა შეიძლება იქ მოხდეს. ღმერთმა დაგვიფაროს და ჩერნობილის მსგავსი კატასტროფის შემთხვევაში, საით წაიღებს რადიაციას ქარი და ღრუბლები, ამის წინასწარ თქმა არავის შეუძლია,“ – უთხრა „ფორტუნას“ ირაკლი ალადაშვილმა.

 

რეალური საშიშროება თუ პუტინის „ბირთვული შანტაჟი“ აშშ-სა და დასავლეთს

 

საგულისხმოა, რომ ბირთვული ძალების მზადყოფნაზე აგრესორმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საუბარი უკვე დაიწყო, თუმცა რამდენად წამსვლელია ბირთვულ ომზე ოკუპანტი, ამის განსაზღვრა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ის, რაც ომის დაწყებიდან ცოტა ხანში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ბირთვული ძალები მზადყოფნის უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს, NATO-ს წევრი ქვეყნების, დასავლეთისა და ამერიკის მიმართ ბირთვული შანტაჟია.

„მან თქვა, რომ „თქვენ უკრაინის დასახმარებლად ხელი არ გაანძრიოთ, თორემ აი, ხომ ხედავთ, მე ბირთვული იარაღი მაქვს.“ სიმართლე რომ ითქვას, შესაძლოა ეს არასპეციალისტებისთვის დამზაფრავი განაცხადი იყო, მაგრამ ვინც ამ საკითხში ერკვევა, იმათში ცოტა გაკვირვება გამოიწვია და რატომ:

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ჯარები ისედაც სრულ მზადყოფნაში არიან. რა ნიშნავს ეს – საკონინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის 1 კონტინენტიდან მეორემდე მიღწევას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება. უხეშად რომ განგიმარტოთ, ვაშინგტონის სიახლოვიდან რომ მოსკოვამდე ამერიკელებმა ბალისტიკური ბირთვულქობინიანი რაკეტა გაუშვან, მისვლას 25 წუთი დასჭირდება.

როგორც რუსებს, ისე ამერიკელებს სპეციალური თანამგზავრები გააჩნიათ, რომელიც დედამიწის გარშემო ბალისტიკური რაკეტების გაშვების დროს წარმოქმნილ სიმხურვალეს აფიქსირებენ, რადგან რაკეტის ძრავის სიმხურვალის დროს ულტრაწითელი და ულტრაიისფერ სხივებს აფიქსირებენ და შესაბამისად, სადაზვერვო თანამგზავრები თავიანთ ქვეყნებს ინფორმაციას მომენტალურად გადასცემენ, რის შემდეგაც მათ საპასუხო დარტყმის მისაყენებლად დაახლოებით 25 წუთი რჩებათ, აქედან გამომდინარე, სარაკეტო ჯარები ისედაც მზად არიან.

ეს ეხება ატომურ წყალქვეშა ნავებსაც, თუკი ისინი ბრძანებას მიიღებენ. შეიძლება ისინი საავიაციო მზადებაზე მიუთითებენ. საერთო ჯამში, რუსეთს დაახლოებით 100-მდე ბომბდამშენი ჰყავს – „ტუ 160“-ისა და მოძველებული „ტუ 95“-ის სახით, რომელიც ბრიტანეთის, აშშ-სა და ალასკის მიმართულებით კი დაფრინავენ, მაგრამ როგორც წესი, ბირთვული ქობინების გარეშე. ანუ, მათ შეუძლიათ თან წაიღონ ბირთვული ბომბები ან ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები, ეს რთულია, რადგან ხშირად ხდება ავარიები.

თვით ამერიკელებმა თავის დროზე, პირველი ცივის ომის დროს, 4 ან მეტი ატომური ბომბი დაკარგეს, ზოგი ესპანეთთან, ზოგი ამერიკის ტერიტორიაზე, რადგან საავარციო ავარიები, კატასტოფები ხდება. ამდენად, ეს ძალიან საშიშია“, – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.

 

რატომ უნდათ რუს ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება

 

რაც შეეხება ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანას, როგორც ირაკლი ალადაშვილმა გვითხრა, დიდი ალბათობით, ოკუპანტებს უკრაინის სადგურების დაკავება ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მასშტაბურად შეწყვეტის გამო სურთ.

„მათ უნდათ, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ არ ვცდები, სადგურების თავისი კონტროლის ქვეშ აღება, რომ შემდეგ უკრაინას ელექტროენერგია გაუთიშონ  და ამ მხრივ ენერგეტიკული პრობლემები შეუქმნან,“ – გვითხრა ალადაშვილმა.

 

 

რამდენად არსებობს რადიაციის საფრთხე – შესაძლო გავლენა საქართველოზე

 

საგულისხმოა, რომ უკრაინაიში რუსების მიერ ატომური ელექტროსადგურების დაკავების შემდეგ, საქართველოში, საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში, გაჩნდა შიში იმისა, რომ შესაძლოა დადგეს რადიაციის საფრთხე, რომელმაც ასევე შესაძლოა, ჩვენამდეც მოაღწიოს. ამ მოსაზრებას ირაკლი ალადაშვილი პანიკას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი შიშების გაჩენას, მეტწილად ხელს უწყობს საკითხისადმი არაინფორმირებულობა.

„სამწუხაროდ, საზოგადოების ფართო ფენებში პანიკა ადვილად ვრცელდება. პირველ რიგში, ვისაც უნდა ეწყინოს, მგონია, რომ ურჩევნიათ ჭორები ავრცელონ, ვიდრე ფიზიკის ელემენტარული კურსი წაიკითხონ ან ინტერნეტის მეშვეობით ის მაინც გაიგონ, როგორ ვრცელდება რადიაცია, რომ შემდეგ პანიკას არ აჰყვნენ,“ – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა და ამასთანავე, გაიხსენა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების მიზეზები და ამით დამდგარი შედეგებიც.

ფოტოზე: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფა (გრაფიკა)

 

„სამწუხაროდ, საქართველოში ჭორაობა ძალიან პოპულარულია, ეს ერთი და მეორე – არაინფორმირებულობა. ჩერნობილის 1986 წლის 26 აპრილს რაც მოხდა, მაშინ იქ რეაქტორში ბირთვული აფეთქება არ მომხდარა, არამედ ჩატარდა ცდები, ამ ცდების დროს მოხდა დარღვევა, კერძოდ კი, შეჩერდა რეაქტორის გაგრილება, რის გამოც დაგროვდა გაზი და მოხდა დამცავი შენობის შიგნით მოცულობითი აფეთქება, გნებავთ, როგორც ხალხს უყვარს თქმა – ვაკუმური ბომბი, რამაც შენობის დაშლა გამოიწვია.

დაიშალა რეაქტორიც და ის რადიაქტიური ნივთიერება რაც შიგნით იყო, გარეთ გამოიტყორცნა, რომელიც შემდეგ ზოგი მიწაში მოხვდა, ზოგი კი ქარმა წამოიღო. მოგვიანებით რუკებიც გაკეთდა, სადაც ჩანს კვალი იმისა, რომ ნივთიერება ბელარუსში, ასევე რუსეთში, ბელგოროდის მხარეს და ჩვენთან აფხაზეთში გადმოვიდა.

საერთოდ, ქარი ძირითადად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიდის, ჩვენც რომ ვაკვირდებით, საქართველოშიც და მათ შორის, თბილისშიც ძირითადად ჩრდილო-დასავლეთის ქარია, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ამიტომ, მაშინ გაგვიმართლა, რომ ჩვენკენ მეტი არ წამოვიდა,“ – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

 

რა უნდა ვიცოდეთ რადიაციული ფონისა და მისი კონტროლის შესახებ

 

„არსენალის“ რედაქტორს უჭირს ვარაუდი, რა შეიძლება მოხდეს და როგორ. როგორც მან გვითხრა, წინასწარ ამის თქმა ძალიან ძნელია, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებები ამ მომენტში ატომურ ელექტროსადგურებთან მიმდინარეობს, ამასთან, უშუალოდ 15 რეაქტორიდან, ნახევარი 6 უკრაინაშია, ეს უკვე ძალიან ცუდია და ზრდის საფრთხეების დონეს.

„საბედნიეროდ, საქართველოში რადიაციული კონტროლის გამართული სისტემა მოქმედებს, როგორც სახელმწიფო, ისე სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ. მარტივად რომ ვთქვა: სადგურების ქალაქებში ავტომატური სისტემები აყენია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ისედაც საზღვრავს რადიაციას – სად, რა და როგორაა მომატებული, ნორმაშია თუ არა – ისინი მაშინვე განგაშს ატეხენ.

გარდა ამისა, იგივე პატრულის თანამშრომლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს აქვთ კომპაქტური, მინიატურული რადიაციის გასაზომი მაჩვენებლები, რომლებიც მონაცემებს აჩვენებენ. ახლა 1986 წელი არაა, როცა დოზიმეტრები არავის ჰქონდა ან თუ ჰქონდა საბჭოური, რაც ბირთვული აფეთქების დროს იყო განსაზღვრული და დაბალ დონეს განსაზღვრა უჭირდა.

ახლა ასეთი სისტემები მოქმედებს და სხვათა შორის, ჩვენს საკონტროლო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დამონტაჟებულია აპარატურა, რომელიც მაშინვე იგებს რადიაციის წყაროებს, შესაბამისად, ამის გაგება დროულად მოხდება.

 

ფოტოზე: ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარი რედაქტორი

 

ღმერთმა არ ქნას და თუ რამე საფრთხე იქნება, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ საიდან შემოდის რადიაცია, ესაა: ჰაერი, წყალი და საკვები. ქვეყანაში არსებობს შესაბამისი საგანგებო სიტუაციების სამსახური და ისინი ზომებს მიიღებენ, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ დროს პანიკა უარესს შვრება, მით უმეტეს, როცა ადამიანი ნაკლებადაა გარკვეული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნაცვლად იმისა, რომ ელემენტარული ინფორმაცია მოიძიონ, ურჩევნიათ ვიღაც მეზობელს და იმის ახლობელს მოუსმინონ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ირაკლი ალადაშვილმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები