16 ივლისს, ლას-ვეგასში, ლედი გაგას მეშვიდე სტუდიური ალბომის – Mayhem მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე, გრანდიოზულად დაიწყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, The Mayhem Ball-ის პირველმა პერფორმანსმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს, 20 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ექვს მოქმედებიანი შოუს განმავლობაში, არტისტმა შემოქმედების საკულტო ჰიტები და ახალი დისკის ტრეკები შეასრულა.
Bloody Mary, Abracadabra, Poker Face, Disease, Paparazzi, Alejandro, Zombieboy, Applause, Just Dance, Shadow of a Man, Born This Way, Die with a Smile, Bad Romance, How Bad Do U Want Me – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ლედი გაგა მომავალ კონცერტებზეც წარდგება. გამორიცხული არ არის, შოუების დროს მას სცენაზე სპეციალური სტუმრის სახით სხვა არტისტებიც შეუერთდნენ, რომელთანაც უთანამშრომლია.
ამასთან, მომღერლის გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ, რომ კუმირი მათ სიურპრიზს მოუწყობს და ერთ-ერთ კონცერტზე ბიონსესთან დუეტის – Telephone პირველ ცოცხალ შესრულებას შესთავაზებს.
წამყვანმა მედია საშუალებებმა – The Guardian, Variety, Billboard, Rolling Stone და სხვა, ლედი გაგას ტურნეს გახსნას უმაღლესი შეფასება დაუწერეს.
ცნობისთვის, The Mayhem Ball ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნეს ევროპული ნაწილი სტარტს 29 სექტემბერს, ლონდონიდან აიღებს.
ევროპის მასშტაბით, არტისტი 22 ნოემბრამდე წარდგება და კონცერტებს ასევე ისეთ ქალაქებში გამართავს, როგორებიცაა: მანჩესტერი, სტოკჰოლმი, მილანი, ბარსელონა, ბერლინი, ამსტერდამი, ანტვერპენი და ლიონი.
ტურნე 2026 წლამდე გასტანს და 30 იანვარს დასრულდება.






