ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია და ლელოს გეგმები განიხილებოდა. ამის შესახებ „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე „ლელომ” დააფიქსირა მყარი პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. “თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის”.
“ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ”, – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს.
“მინდა გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული.
ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო” გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება.
კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს, 14 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდა. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და მასში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც მონაწილეობდა.