პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.
შეხვედრაზე იმყოფებიან იმ ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის არჩეული წევრები, რომლებმაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი იმსჯელებენ ამნისტიის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.
პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხვალ მივლენ საქართველოს პარლამენტში და დარეგისტრირდებიან, ხვალვე განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი პრეზიდენტის მიერ:
“ხვალ იწყება შეთანხმების შესრულების პირველი ეტაპი. ჩვენ ხვალ მივალთ საქართველოს პარლამენტში დავრეგისტრირდებით და ხვალვე განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი პრეზიდენტის მიერ. ამიტომ, ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე ამ ისტორიული შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, ცხადი, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დასაგეგმი და სასაუბრო.
ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით და ვნახოთ, რა წერტილამდე მივალთ. ხვალ დარეგისტრირდება ყველა შემთხვევაში კანონპროექტი, თუმცა როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ამას ვნახავთ. ჩვენი პოზიცია ნათელია, ვაპირებთ, ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს, რომ ამნისტირება შეეხება იმ მიმდინარე საქმეებს, რომლებიც აღძრული იყო 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.” – თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.