“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება “ლელო”-ს საპარლამენტო ფრაქციის გადაწყვეტილებას ბოიკოტის დასრულების შესახებ და აცხადებს, რომ “ლელოს” ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია.
ბოკერიას თქმით, მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა, მისივე სიტყვებით, არათანმიმდევრული ქმედებები კი მოქალაქეებში პოლიტისა და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს:
“ისეთი განცხადებებია, რაც მოქალაქეებში, ზოგადად, პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ, ზოგის მიმართ უსამართლოდ, თუმცა ყველას მიმართ უნდობლობას თესავს. იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდა ოპოზიციის ნაწილი, ვინც ხელი მოაწერია თითქოს იმისთვის, რომ მომხდარიყო საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და რეფერენდუმისთვის წარმატებას მიეღწიათ. ეს იყო მთავარი საკითხები.
თუ მეტყვიან აქედან რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ მე ჩავთვლი, რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება.
მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ. თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი რა მოსაზრებით.
გარდა ამისა, “ლელოს” ლიდერმა, ბატონმა მამუკა ხაზარაძემ, ტაში მოწყვიტა შეკრებილ ადამიანებს, მე გავდივარ პარლამენტიდანო.
ეს საქციელი სრულიად არათანმიმდევრული, არალოგიკური და ძალიან ცინიკური დამოკიდებულების მაჩვენებელია მოქალაქეების მიმართ. თუ ჩვენ გვსურს, რომ რაღაც ამოცანა დავისახოთ, ჩვენთვის, “ევროპული საქართველოსთვის” ეს ამოცანა არსებობს, რომ წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ლეგიტიმური, მშვიდობიანი ფორმით, როცა ამის შანსი გვექნება, ამას სჭირდება სიცხადე ქვეყნის შიგნთაც და გარეთაც, როგორს ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო მეგობრების წინაშე – რომ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება არალეგიტიმურად მიგვაჩნია. როცა შენ თვითონ საბაბს ეძებ, თუ რატომ უნდა იყო პარლამენტში და სულელურ საბაბებს, ეს ამას ნამდვილად არ ეხმარება.” – განაცხადა ბოკერიამ.
