„ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
წიგნის ფესტივალზე ბევრ საინტერესო რამესთან ერთად, ორი განსაკუთრებით სასიამოვნო მოულოდნელობა დამხვდა – ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია, ავტორის მიერ… და ჩემი წიგნი გამომცემლობა “ინტელექტის” თაროზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბუბა კუდავას მისი გამოცემისთვის, ქართულ და რუსულ ენებზე.
2019 წელს, სწორედ ბატონ ლევანს ვთხოვე პატივი დაედო და ჩემთან ერთად წარედგინა წიგნი მკითხველისთვის.
ლევან ბერძენიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, უბრალოდ მადლობას ვეტყვი, ჩვენს გარშემო დაბუდებული წყვდიადის განათებისთვის.
იმედია, დიდ ხანს გააგრძელებს კაშკაშს და კიდევ ბევრ ადამიანს ასწავლის აზროვნების ხელოვნებას”, – დაწერა ფეისბუქში სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა.
გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას ცდილობს მოთხოვნით, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა, რამაც თავის მხრივ, ბერძენიშვილის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება დაიმსახურა.
ამასთან, გუშინ, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.
რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:
„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?
