LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

124
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა – პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი ზრდა-განვითარების პერსპექტივები განიხილეს. 

„სლოვაკეთიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა როგორც ტურიზმის, ისე გართობის სფეროში – ამ სექტორებში 2012 წლიდან დაახლოებით 100 მლნ ევროზე მეტია ინვესტირებული „ჯინო ჰოლდინგის“ და სლოვაკეთის „ექსიმ ბანკის“ მიერ. დღეს საუბარია იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან მოიცვას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, IT მიმართულებები – ამ კუთხით  კონკრეტული გეგმები დავსახეთ. ასევე შეთანხმება შედგა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კომისიის აღდგენაზე, რაც იქნება ფორმალური პლატფორმა, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ სხვადასხვა ეკონომიკური პროექტი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მის შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის მოადგილის გარდა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ერიკ ტომაში, სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი და „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

ვიზიტის მიმდინარეობისას სლოვაკეთის დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტების პრეზენტაციას, რომელიც საქართველოში უმსხვილესი სლოვაკური საინვესტიციო პროექტია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფოლიო სტუმარმასპინძლობის და ენერგეტიკულ სექტორებში. ამასთან, „ჯინო ჰოლდინგს“ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს სლოვაკურ „ექსიმ ბანკთან“ – მისი პროექტები რეგულარულად სარგებლობს ბანკის მხარდაჭერით. 

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას სლოვაკეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სლოვაკეთის მთავრობამ საქართველო ბენეფიციარი ქვეყნების პრიორიტეტულ სიაში შეიყვანა და „საპროგრამო ქვეყნის“ (programme country) სტატუსი მიანიჭა. პრიორიტეტული სტატუსი სლოვაკეთმა საქართველოსთვის 2024 წელსაც გააგრძელა, რაც სხვადასხვა პროექტების დაფინანსების პროცესის გამარტივებას გულისხმობს. სლოვაკეთის დახმარების მიზანი საქართველოში სხვადასხვა დარგობრივი რეფორმის გატარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g