LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა გაზის სამხრეთ დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

129
ლეო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გაზის სამხრეთ დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს.

ლევან დავითაშვილი სიტყვით მინისტრთა სესიაზე გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო გაზის სამხრეთ დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილე და პოლიტიკური მხარდამჭერია. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევას, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის მეშვეობით ევროკავშირში აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ისახავს მიზნად წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაზის სამხრეთ დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან და დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზის სამხრეთ დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით ასევე მონაწილეობენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები