LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

346
ლევან დავითაშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური  პარტნიორია და ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობა კომპლექსურია და მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და უწყებების დიალოგთან ერთად, იყოს პრაქტიკული შეხვედრები და უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდეს ბიზნეს სექტორთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობას, ვაჭრობის წახალისებას – საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარია და ის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სომეხი ვიზიტორებისთვის – გასულ წელს ვუმასპინძლეთ, დაახლოებით, მილიონამდე ვიზიტორს სომხეთიდან და შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმება, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სომხეთში ქართული კომპანიების საქმიანობის პერსპექტივების შესახებ.

„ინვესტიცია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში იყო ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა, როდესაც ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სომხური ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ მხარდაჭერა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან საკუთარი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g