მთავარი პროკურატურის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.
ლევან ჯიბღაშვილი პოლიციამ ორთაჭალაში ავტომობილით მოძრაობისას გააჩერა.
შემოწმების შედეგად მისი მანქანიდან შსს-მ ამოიღო ჩანთა, რომელშიც „გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება” აღმოჩნდა.
ადვოკატის ცნობით, ჯიბღაშვილი აღიარებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს, თუმცა რატომ და როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ჩანთა მის მანქანაში, ამას გამოძიება დაადგენს.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა ტიპის ნარკოტიკი აღმოუჩნდა მსახიობსა და ბიზნესმენს.