„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ლიდერებთან ერთად თბილისში, პენსიონერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაბეიშვილმა პარტიის ახალ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკმა 60 წლამდე უნდა დაიწიოს და მინიმალური პენსია 400 ლარამდე უნდა გახდეს.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.
„მინიმალური პენსია ანუ 295- ლარიანი პენსია, სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი. ყველა ის დანამატი, რომელიც არის, უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ არა 70 წლის ზემოთ, არამედ უკვე 65 წლის ზემოთ. ასევე, მაღალმთიანი რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დანამატები იყოს შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და საბოლოო ჯამში, 65 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში 600 ლარამდე. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა თბილისელ პენსიონერებთან, ასევე ვისაუბრეთ საპენსიო სესხების განულებაზე და ასეთი არის 400 ათასამდე ადამიანი, რომელმაც აიღეს სესხი 1000-1500, მაქსიმუმ 2000 ლარი და ახდევინებენ 4000-4500 და 5000 ლარს. ფაქტობრივად, სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ სესხს და ეს კანონის სახელით ძარცვა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შრომას ჩვენი პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.