ფესტივალი „ღამის სერენადები“ აქვეყნებს სპეციალურ პოსტს, სადაც ფესტივალის დამფუძნებელს, ცნობილ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს ლიანა ისაკაძე იუბილარია!..
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე და დირიჟორი, ფესტივალ „ღამის სერენადების” დამფუძნებელი, ლიანა ისაკაძე დღეს 77 წლის გახდა. ვულოცავთ მას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ამ საიუბილეო თარიღს.
ლიანა ისაკაძე დაიბადა 1946 წლის 2 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ იაპონიაში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაიღეს ფინურ მხატვრულ ფილმში “სიბელიუსი”; გასული საუკუნის 90-იან წლებში მუსიკოსის შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი და მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა კონკცერტებს მსოფლიოს მასშტაბით. 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; მას ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ვუნდერკინდად თვლიდნენ, ასრულებდა რთულ სავიოლინო ნაწარმოებებს; ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო 3 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში პრემია აიღო საბჭოთა კავშირის მევიოლინეთა კონკურსზე უფროსთა შორის, 18 წლის ასაკში გაიმარჯვა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარგარეტა ლონგის და ჟაკ ტიბოს სახელობის მევიოლინეების საერთაშორისო კონკურსში პარიზში. ამას მოყვა აგრეთვე უმნიშვნელოვანესი მევიოლინეების კონკურსში გამარჯვება ფინეთში სიბელიუსის სახელობის კონკურსზე პირველი პრემია და გრან-პრი. 2000 წელს Süddeutsche Zeitung-მა გამოსცა სპეციალური სერია ,,საუკუნის მევიოლინეები“, რომლის ფარგლებში გამოიცა ლიანა ისაკაძის CD, რაველის სონატის ჩანაწერით. 33 წლის ასაკში მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, ასეთ ახალგაზრდა ასაკში მხოლოდ ორმა მუსიკოსმა მოიპოვა ეს წოდება – ვლადიმერ ტრეტიაკოვმა და ლიანა ისაკაძემ.
მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარი მოიცავს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს; ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი მისი შესრულებით ეტალონი გახდა) პირველი შემსრულებელია; დააარსა ბიჭვინთაში ერთ-ერთი უძველესი კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები”.
ლიანა ისაკაძეს დაბადების დღეს პირადად ულოცავს „ღამის სერენადების“ დირექტორი, ნინა ცაგარელი:
„გამოჩენილ მევიოლინესა და დირიჟორს, საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების” დამაარსებელს, ჩვენს უსაყვარლეს ლიანა ისაკაძეს ვულოცავ დაბადების დღეს!
მინდა, ვუსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში…“