LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიდ აკადემია“ – ადგილი, სადაც სტრატეგია წარმატებად გარდაიქმნება

695
ნინი აჯიბეგიშვილი

თანამედროვე ბაზარზე მხოლოდ კარგი იდეა უკვე საკმარისი აღარ არის – წარმატებისთვის აუცილებელი გახდა გაყიდვების ძლიერი სტრატეგია და ბიზნესის განვითარების მკაფიო ხედვა. ამ საჭიროებებზე პასუხად შეიქმნა ახალი სატრენინგო ცენტრი „ლიდ აკადემია“, რომელიც კომპანიებსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს პრაქტიკულ ცოდნასა და თანამედროვე ინსტრუმენტებს შესთავაზებს.

ნინი აჯიბეგიშვილი, „ლიდ აკადემიის“ (Lead Academy) დამფუძნებელი და გაყიდვების სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი:

– „ლიდ აკადემია“ მიზნად ისახავს გაყიდვების სფეროში როგორც დამწყები, ასევე უკვე მოქმედი სპეციალისტების განვითარებას. ჩვენთან შეისწავლიან გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებს, კომუნიკაციის სტრატეგიებს და პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც რეალურად გამოიყენება ბიზნესში.

სატრენინგო ცენტრის დაფუძნების იდეა პირდაპირ უკავშირდება ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას გაყიდვების სფეროში. ამ მიმართულებით ხშირად ვაწყდებოდი არაერთ პრობლემას, მაგრამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაც მუშაობა დავიწყე შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიაში SMG (სადაც სრულად ავაწყვე გაყიდვების დეპარტამენტი და დღემდე ვხელმძღვანელობ), განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ის, რომ კომპანიებს უჭირთ ძლიერი გაყიდვების კადრების პოვნა, იმ ადამიანებს კი, ვისაც ამ სფეროში მუშაობა სურთ, არ აქვთ საჭირო პრაქტიკული ცოდნა.

ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კურსდამთავრებულების დასაქმების მხარდაჭერა იქნება. ჩემი ბიზნესკონტაქტებისა და კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე, კურსდამთავრებულებს დავეხმარებით შეხვედრებისა და გასაუბრებების ორგანიზებაში იმ კომპანიებთან, სადაც გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიებია გამოცხადებული.

– რა ტიპის იქნება „ლიდ აკადემიის“ ტრენინგები?

– „ლიდ აკადემია“, ძირითადად, ორი მიმართულებით იმუშავებს. პირველი მიმართულება არის ინდივიდუალური ტრენინგები იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაყიდვების სფეროში კარიერის დაწყება სურს ან უკვე მუშაობს ამ მიმართულებით და საკუთარი უნარების გაუმჯობესება უნდა. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან გაყიდვების პროცესს მთლიანობაში – კლიენტთან კომუნიკაციას, საჭიროებების აღმოჩენას, პროდუქტის სწორად წარდგენას, წინააღმდეგობებთან მუშაობას და დადებითი შეთანხმების მიღწევას.

მეორე მიმართულება იქნება კორპორაციული ტრენინგები კომპანიებისთვის, სადაც გაყიდვების გუნდებს შევთავაზებთ პრაქტიკულ პროგრამებს მათი შედეგების გასაუმჯობესებლად. ტრენინგები იქნება მაქსიმალურად მორგებული კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე, რათა გუნდებმა მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში გამოიყენონ.

– ვის მოიაზრებთ თქვენს ძირითად სამიზნე აუდიტორიად?

– რამდენიმე ჯგუფს. უპირველესად, დამწყებებსა და სტუდენტებს, რომლებიც კარიერის დაწყებას გაყიდვების სფეროში ფიქრობენ. ასევე მათ, ვინც უკვე მუშაობს გაყიდვებში, მაგრამ საკუთარი პროფესიული უნარების გაუმჯობესება და შედეგების გაზრდა სურს. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამები საინტერესოა კომპანიებისთვისაც, რომლებიც საკუთარი გაყიდვების გუნდების განვითარებას ცდილობენ.

თქვენი გუნდი გაგვაცანით.

– „ლიდ აკადემიას“ ამ ეტაპზე ვხელმძღვანელობთ მე და ჩემი პარტნიორი. მე მაქვს, დაახლოებით, 15 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში, ხოლო თიკო გომშიაშვილს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ხარისხის განვითარებისა და CRM სისტემის მართვის მიმართულებით.

ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებს, ასევე კომპანიებს რეალურად დაეხმარება. გარდა ტრენინგებისა, სამომავლოდ რამდენიმე დამატებითი მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ, კერძოდ, კომპანიებს თიმ ბილდინგის პროგრამებს, ასევე, ბიზნესს გაყიდვების პროცესის აუთსორსინგს შევთავაზებთ. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს დავეხმარებით როგორც გაყიდვების გუნდების გადამზადებაში, ისე, საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პროცესის სრულად გამართვასა და მართვაში. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანია, „ლიდ აკადემიამ“ თითქმის ყველა სფერო მოიცვას, რაც ბიზნესს ეხება და ბიზნესებს სჭირდებათ.

– როდიდან დაიწყებთ ტრენინგების ჩატარებას?

– მიმდინარე წლის მაისიდან, თუმცა მანამდე დაინტერესებულ პირებს უფასო ონლაინ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, სადაც დეტალურად გავაცნობთ პროგრამას, სილაბუსს და ტრენინგის ფორმატს. ამ შეხვედრის მიზანია, რომ მონაწილეებმა წინასწარ მიიღონ სრული ინფორმაცია კურსის შესახებ, გაიგონ, რას ისწავლიან და როგორ დაეხმარებათ ეს პროგრამა პროფესიულ განვითარებაში.

– რომელ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი თქვენს შესახებ ინფორმაცია?

– ძირითადად, სოციალურ ქსელებში, სადაც აქტიურად გავუზიარებთ დაინტერესებულ ადამიანებს ტრენინგების დეტალებს, პროგრამას და სხვადასხვა სასარგებლო კონტენტს გაყიდვების თემაზე. ჩვენს პოტენციურ მსმენელებთან აქტიურ კომუნიკაციას ვგეგმავთ სხვადასხვა პოდკასტისა და მედია პლატფორმის საშუალებითაც, სადაც ვისაუბრებთ გაყიდვებზე, ბიზნესის განვითარებაზე და ჩვენს სატრენინგო პროგრამებზე. შესაბამისად, მსურველებს მარტივად შეეძლებათ ჩვენი მოძებნა და ინფორმაციის მიღება ონლაინ სივრცეში.

magti 5g