ლიეტუვის პარლამენტმა (სეიმმა) 78 ხმით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უცხოელებსა და მათ დამქირავებელ კომპანიებს კლიენტების ლიეტუვურ ენაზე მომსახურებას ავალდებულებს.
ამავდროულად, სეიმი იმ უცხოელებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე არარეგულარულ საქმიანობას ეწევიან (მაგალითად, თუ ბაზრობებზე ან სხვა ადგილებში გარკვეული პროდუქტებით ვაჭრობენ), ლიეტუვური ენის შესწავლის აუცილებლობისგან ათავისუფლებს.
ცვლილებების თანახმად, კლიენტებს მომსახურება უნდა გაეწიოთ მთავრობის მიერ დადგენილი ლიეტუვური ენის ცოდნის დონის შესაბამისად.
კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ენის, მინიმუმ, სალაპარაკო დონეზე შესწავლა ლიეტუვურ საზოგადოებაში უცხოელების უფრო მეტად ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
კანონი ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.