LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქორქია: „სანამ ვუყურებდით, როგორ გარბოდა, ეზოში სროლისა და ყვირილის ხმა გაისმა…“

1554
lika-qorqia

სხვა ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს საკუთარი სტატუსით გამოეხმარა ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია და „ფეისბუქ“-მკითხველს გაუზიარა ამბავი, რომელიც მის ოჯახს 90-იან წლებში გადახდა თავს, როცა მათთან მხედრიონელები შეიჭრნენ.

გთავაზობთ ლიკას სტატუსს:

„ისედაც ბნელი და გაყინული ზამთარი კიდევ უფრო გაიყინა ჩემი მეზობლის განწირული ყვირილით – უშველეთ, დაეხმარეთ, კვდება…

მე და ანი ფანჯარასთან მივცვივდით, ფეხის წვერებზე ავიწიეთ და გადიდებული თვალებით ვაკვირდებოდით, როგორ იბანდა სახეს ეზოს ონკანზე სისხლში სრულიად ამოსვრილი ადამიანი. ისეთი ნაწამები, ვერ გაარჩევდით, ქალი იყო თუ კაცი.

ბებიამ კარი გააღო და ხმამაღლა დაუძახა – მოდი, შვილო, დროზე მოდი, სანამ გიპოვნეს.

ვინ ხარ? რას გერჩიან?

-ზვიადისტი ვარ, დეიდა, მხედრიონი მომსდევს.

ბებია და ჩვენი მეზობელი ქალბატონი ციცინო არარეალური სისწრაფით უმუშავებდნენ ჭრილობებს, უხვევდნენ გადაჩეხილ თავს და ხორცისგან დათლილ ხელებს.

ბაბუას ტანსაცმელი ანიმ გამოიტანა, მე სიჩქარით და დაბნეულობით ცალ-ცალი ფეხსაცმელი მოვარბენინე, ჩაიცვა და გაჭირვებით მეორე გასასვლელიდან გაიპარა.

-ის მაინც მითხარი, ვინ ხარ შვილო? – მიაძახა ბებიამ.

-ზვიადისტი ვარ, დეიდა, თუ გადავრჩი მოვალ.

სანამ ვუყურებდით, როგორ გარბოდა, ეზოში სროლისა და ყვირილის ხმა გაისმა. სისხლის ნაკვალევს გამოჰყვნენ და ჩვენს სახლათან დაახლოებით ოცი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა. სახლი მთლიანად ააყირავეს, ყველაფერი გადმოყარეს, რაც მოეწონათ, წასაღებად გაამზადეს.

– ვინ არის ეს ბიჭი სურათზე? (ერთ-ერთმა ჰკითხა ბებიას )

– ბიძაშვილია ჩემი…

– ჩემი მეგობარი იყო , ერთად ვიბრძოდით აფხაზეთში, დადეთ ყველაფერი და წავედით ამ სახლიდან. გასცა ბრძანება და გავიდა….

-ბებია, ვინ იყო ის ბიჭი?

-ზვიადისტი…

-ვინ არიან ეს კაცები ?

-მხედრიონელები, შვილო.

-და ვინ არის ზვიადი?

როცა გაიზრდები, მოგიყვები და იამაყებ.

იმის მერე რამდენი რამ მოხდა: შევარდნაძისა და მისი მთავრობის უბედური საქართველო; სააკაშვილის კენგურუს ნახტომი – ბნელი თბილისიდან სინათლის ქალაქამდე (დიდი პროგრესით და ბევრი შეცდომით);

ოცნების 8 წელი, რომლის ახდენილ ოცნებებსაც უკეთ შემდგომში შევაფასებთ.

იყო ომი, მშვიდობა, შიში, სიყვარული, ტკივილი, სიხარული და მაინც ყველაზე ამაღლებული და დიდებული გრძნობა თავისუფლების. გილოცავ, პრეზიდენტო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g