ბიზნესმენების, მოსამართლეებისა და პროკურორების სანქცირების მოთხოვნის შემდეგ, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.
როგორც დღეს, 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ განაცხადა, ისინი ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან და ქვეყნის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან.
„გრიგოლ ლილუაშვილი – ის ბიძინა ივანიშვილის პირად საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური. გარდა შანტაჟისა, პოლიტიკური დევნისა დ ა.შ. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სანქცირებული ტვირთით შემოსული გემის საქმეში ფიგურირებდა, რაც რა თქმა უნდა, შესწავლას და დამატებით დაზუსტებას აუცილებლად საჭიროებს. აღარაფერს ვიტყვი იმ ბინძური პირადი ცხოვრების შანტაჟით სისტემაზე, მიყურადებაზე, მათ შორის, დიპლომატების მიყურადებაზე, რომელშიც სუს-ი ფიგურირებს.
კობა კობიძე – ის არის ე.წ. ოტოს ხელმძღვანელი. ის არის ჩართული უშუალოდ მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ.
ვახტანგ გომელაური – არის ასევე, ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვა, მისი პირადი მცველი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას ემსახურებოდეს, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
რა თქმა უნდა, სანქციები როდის იქნება, როგორი იქნება, რას გადაწყვეტენ ჩვენი პარტნიორები ეს მათი საქმეა და ამაზე სპეკულირებას არ ვაპირებთ.
ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ქვეყანას სანქციები ავარიდოთ. ამასთან, ქვეყანას ავარიდოთ ის, რომ იმ რიგში არ იყოს, რომელიც უკრაინაში სისხლიან მანქანაში მონაწილეობს და პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სწორედ იმ კონკრეტულმა ოლიგარქიული მმართველობის წევრებმა აიღონ, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.