თითქმის ორი წლის წინ საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი – ლიტქიდი შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმა დღეს უკვე სოციალურ საწარმოდ პოზიციონირებს. მან მიზნად დაისახა, დაეხმაროს ათასობით მშობელსა და აღმზრდელს წიგნების სწორად შერჩევაში, მიაწოდოს მათ საჭირო რესურსები და რჩევები და წაახალისოს ბავშვებთან ერთად კითხვის კულტურის განვითარება.
თაკო ქველიძე, ლიტქიდის თანადამფუძნებელი:
– ლიტქიდის შექმნის იდეა ბავშვის ასაკის, გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად წიგნის შერჩევის სირთულიდან გამომდინარე გაჩნდა (თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში გამომცემლობებმა ცალკე გამოიტანეს საბავშვო ლიტერატურა, რაც ძალიან გვეხმარება მშობლებს, აღმზრდელებს, ყველას, ვინც საბავშვო ლიტერატურას ვკითხულობთ და ვყიდულობთ). ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა საბავშვო გამომცემლობას და ბაზარზე არსებულ ყველა საბავშვო წიგნს გააერთიანებდა და გააკეთებდა ისეთ კატეგორიზაციას, რომელიც მშობლებს გაუმარტივებდა როგორც წიგნის შერჩევის პროცესს, ასევე მის შეძენას. პროექტზე მუშაობა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. მას შემდეგ სულ ვავითარებთ ჩვენს პლატფორმას, ვატარებთ ექსპერიმენტებს. ამ ეტაპზე 7 გამომცემლობასთან ვთანამშრომლობთ და ვებგვერდზე 1000-მდე წიგნი გვაქვს განთავსებული. ეს წიგნები ასაკის, ჟანრებისა და თემების მიხედვით დავალაგეთ დიანა ანფიმიადთან, ლილე კვირტიასთან და სხვა პროფესიონალებთან ერთად. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ასაკში საბავშვო წიგნს სხვადასხვა ფუნქციაა აქვს. მაგალითად, პატარებისთვის ვეძებთ ხოლმე წიგნებს, რომლებიც გარკვეული ყოფითი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარებიან. ჩვენს ვებგვერდზე 50-მდე თემის და შესაბამისი წიგნის მოძიებაა შესაძლებელი, მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ წიგნები ემოციებზე, ინკლუზიაზე, სპორტზე, სკოლაზე და ა.შ.
– რამდენად შეუწყო ლიტქიდის მომხმარებელმა უკუკავშირით პლატფორმის დახვეწას ხელი?
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ პლატფორმა ჯერ კიდევ დახვეწის, განვითარების პროცესშია. რაც შეეხება მშობლების უკუკავშირს, ვიდრე ვებგვერდს ავამოქმედებდით, სხვადასხვა ფორმით გვქონდა მათთან კომუნიკაცია, ფოკუს ჯგუფებიც კი შევქმენით, დღესაც გვაქვს დახურული ჯგუფი სოციალურ მედიაში, სადაც 1000-ზე მეტი მშობელია გაწევრიანებული. ისინი გვიწონებდნენ იდეას და მომხრეები იყვნენ, რომ შექმნილიყო ერთგვარი დამხმარე ხელსაწყო უამრავ წიგნს შორის სწორი არჩევანის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, პროდუქტის განვითარების განუყოფელი ნაწილია, რომ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში მშობლებსა და ბავშვებს, მუდმივად ვუსმინოთ და მათგან, უპირველესად, მივიღოთ კრიტიკული შეფასებები, რათა ხარვეზები გამოვასწოროთ.
– პლატფორმის მომხმარებლებთან შეხვედრებს თუ ატარებთ, თუ სთავაზობთ მათ გარკვეულ აქტივობებს?
– თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული, რომ ჩვენი ფუნქცია არ შემოფარგლულიყო მხოლოდ წიგნების რეკომენდაციებით და ჩაგვეტარებინა საბავშვო წიგნებთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განვახორციელეთ, რომლებშიც 150-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ეს იყო ლიტერატურული მარათონის ფორმატის შეხვედრები ავტორებთან – ისინი ბავშვებისთვის წიგნებს მთელი დღის განმავლობაში კითხულობდნენ. ეს შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ვაწარმოეთ კამპანია „ბავშვები ჩუქნიან ბავშვებს“ – ეს იყო ერთგვარი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც, მწვანე სკოლასთან პარტნიორობით, წიგნები ბავშვებმა შეგვიგროვეს. ასევე, ერთ-ერთ კერძო ბაღში დავდგით ყუთი, რომლებიც წიგნებით ბავშვებმა აავსეს. ძალიან ბევრი წიგნი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი მარნეულის სოფელ შულავერის #1 საჯარო სკოლაში ჩავიტანეთ და მათ წიგნის კლუბს გადავეცით. ამ კამპანიასაც აუცილებლად გავაგრძელებთ, რათა ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ რეგიონების სკოლების ბიბლიოთეკების გამრავალფეროვნებაში.
– ერთია, როცა გქვია სტარტაპი და მეორე, როცა უკვე პოზიციონირებ, როგორც სოციალური საწარმო. თქვენი პლატფორმის საქმიანობის ამგვარად ფორმულირების მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ.
– ვფიქრობ, ჩვენი იდეა თავისი შინაარსით, ბუნებით, ისედაც ძალიან სოციალურია. რა სახელიც უნდა დავარქვათ, სოციალური ბიზნესია, რადგან ვსაუბრობთ ახალ თაობაში წიგნიერების გაზრდასა და წიგნებზე ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო პროექტში მონაწილეობა სოციალური საწარმოს სახით. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ევროკავშირის და „პური მსოფლიოსთვის“ (Bread For the World) ფინანსური მხარდაჭერით შევძელით, რომ პლატფორმა სრული დატვირთვით აგვემუშავებინა, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
– ორიოდ სიტყვა სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ.
– ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ვებგვერდზე წიგნის მოძიების ფილტრაციის სისტემა იყოს უფრო დახვეწილი, ზუსტი და უფრო მარტივი. ამასთან, ეტაპობრივად დავამატებთ გამომცემლობებს, რათა განვახორციელოთ ჩვენი ჩანაფიქრი – მოვიცვათ საქართველოში არსებული ყველა გამომცემლობა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ შევქმენით წიგნის კლუბი, ჯერჯერობით, მხოლოდ 3-5 წლის ბავშვებისთვის, მაგრამ გვინდა, რომ თანდათან გავზარდოთ ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა. ასევე, ვგეგმავთ ვორქშოპების ჩატარებას, რაც ბავშვებთან ინტენსიურ ინტერაქციას გულისხმობს, ისინი სხვადასხვა ტიპის აქტივობებში იქნებიან ჩართულნი.