გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ხელბარგის გადაზიდვის წესები შეცვალა მას შემდეგ, რაც ცნობილი მევიოლინე კაროლინ უიდმანი იძულებული გახდა XVIII საუკუნის უნიკალური ვიოლინო თვითმფრინავში მხოლოდ სვიტერში გახვეული აეტანა.
ინციდენტი 2025 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც მუსიკოსი ჰელსინკიდან ლეიფციგში მიფრინავდა. Lufthansa-ს თანამშრომლებმა მას მოსთხოვეს, რომ ვიოლინოს ფუტლიარი ბარგში ჩაებარებინა, რადგან მისი სიგრძე 80 სანტიმეტრს შეადგენდა და კომპანიის იმდროინდელ ნორმებს აღემატებოდა.
კაროლინ უიდმანის თქმით, მას ფუტლიარიდან ამოაღებინეს 1782 წელს დამზადებული უნიკალური ვიოლინო, რომლის ავტორია იტალიელი ოსტატი ჯოვანი ბატისტა. ინსტრუმენტის ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მუსიკოსს ცარიელი ფუტლიარი ბარგში ჩააბარებინეს, თავად ვიოლინო კი მხოლოდ სვიტერში გახვეული გადაიტანა, რასაც მან „სრულად დაუცველი და შიშველი ინსტრუმენტის ტრანსპორტირება“ უწოდა.
უიდმანი ყოველწლიურად დაახლოებით 60 კონცერტს მართავს და ხშირად სწორედ Lufthansa-ს რეისებით სარგებლობს. მისი თქმით, მსგავსი პრობლემა ადრე არასოდეს შექმნილა, რადგან ავიაკომპანია პრაქტიკაში მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართ მეტ მოქნილობას იჩენდა.
მომხდარის შემდეგ მევიოლინემ Lufthansa-ს ღია წერილით მიმართა და მცირე ზომის მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის სპეციალური გამონაკლისის დაწესება მოითხოვა.
შედეგად, ავიაკომპანიამ წესები მართლაც შეცვალა. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიოლინოების, უკულელეების, საყვირებისა და სხვა მცირე მუსიკალური ინსტრუმენტების სალონში ატანა დაშვებული იქნება, მაშინაც კი, თუ ისინი სტანდარტულ 55-სანტიმეტრიან შეზღუდვას აღემატება.
ერთადერთი პირობაა, რომ ფუტლიარის სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ჯამი 125 სანტიმეტრზე მეტი არ იყოს.
განახლებული წესები გავრცელდება Lufthansa Group-ის ყველა ავიაკომპანიაზე, მათ შორისაა Austrian Airlines-ი, SWISS-ი, Brussels Airlines-ი, ITA Airways-ი და Eurowings-ი.
მუსიკოსების საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებენ, რადგან ძვირფასი და ისტორიული ინსტრუმენტების ბარგში ჩაბარება ხშირად მათი დაზიანების ან დაკარგვის მაღალ რისკს ქმნის.