გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. იგი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, მარიანა ჩოლოიანი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მისივე თქმით, გამომძიებელს კანონმდებლობით პირობით ადრე გათავისუფლება ეხებოდა, საბჭომ მარიანა ჩოლოიანს უარი განუცხადა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ბათილად ეცნო.
„ჩოლოიანი კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა. ეს კრიტერიუმები კანონით გათვალისწინებულია. მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ მხარესთან რაიმე პოზიციის შეჯერება მოხდეს,“ – განაცხადა ჩოლოიანის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.
2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლემ, ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოიკითხეს.
გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაჰკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.