LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრი გაძარცვეს: საფრანგეთი შვიდ წუთში დაამცირეს – მაკრონი მოპარულის დაბრუნებას ჰპირდება

360
image

ლუვრი – საფრანგეთისა და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი – გაძარცვეს.
ინციდენტი დილით ადრე მოხდა და არავინ დაშავებულა.
დაახლოებით 9:30 საათზე მძარცველები ადგილზე სკუტერებით მივიდნენ. გარე სატვირთო ლიფტის გამოყენებით, ფანჯრებს მიადგნენ და ჩაამსხვრიეს. შიგნით შესვლის შემდეგ, ქურდებმა იმპერიული კოლექციიდან სამკაულები მოიპარეს და გავიდნენ.

ქურდები ისევ სკუტერებით გაიქცნენ და სავარაუდოდ, ერთ-ერთი ნივთი ჩამოაგდეს. მოგვიანებით ის ლუვრის მახლობლად დაზიანებული იპოვეს. ეს გახლავთ ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ევგენიას გვირგვინი.

Le Parisien-ის ცნობით, სულ ცხრა სამკაული წაიღეს.

BFM TV-მ გაავრცელა ძარცვის კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჭრის ყვითელჟილეტიანი დამნაშავე ცირკულარული ხერხით ერთ-ერთ ვიტრინას. ფონზე ჩანან სტუმრები, რომლებიც ოთახში შედიან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, განაცხადა, რომ მოპარული ნივთები ქვეყნისთვის კულტურულ და ფასდაუდებელ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

მან აღნიშნა, ძარცვა შვიდი წუთი გაგრძელდა და მაღალკვალიფიციურმა გამოცდილმა კრიმინალურმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც განსაკუთრებული სისწრაფით მოქმედებდა.
მისი თქმით, ისინი შესაძლოა უცხოელები ყოფილიყვნენ. მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ოთხივეს „ძალიან სწრაფად“ იპოვიან.

უსაფრთხოების მიზნით ლუვრი დაიხურა. ევაკუაცია ინციდენტების გარეშე წარიმართა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ინციდენტს „აუტანელი დამცირება“ უწოდა:

„ლუვრი ჩვენი კულტურის გლობალური სიმბოლოა. ეს ძარცვა, რომელმაც ქურდებს საფრანგეთის გვირგვინის სამკაულების მოპარვის საშუალება მისცა, ჩვენი ქვეყნისთვის აუტანელი დამცირებაა. რამდენად შორს წავა სახელმწიფოს კოლაფსი?“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრის ძარცვას „საფრანგეთის მემკვიდრეობასა და ისტორიაზე თავდასხმა“ უწოდა. Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთის ლიდერმა დაარწმუნა, რომ ყველა მოპარული რელიქვია მუზეუმს დაუბრუნდება და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლისას დაგმო „თავდასხმა ფრანგულ მემკვიდრეობაზე“ და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნის რამდენიმე მუზეუმი გაძარცვეს. ოლანდმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს „ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული საგარეო ჩარევის“ შესაძლებლობას.

ფოტო: time
theguardian

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g