მ.კ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად და ჩვენი შეფასებით, სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს. მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ წუთებში სპეციალიზებულ ცენტრში ფსიქოლოგების მიერ მ.კ.–ს გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვას ასევე ესწრებიან აღნიშნული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები. კომისიამ უკვე დაკითხა ა.ს. რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.
ამასთან, დღესვე ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდება, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.
ოთარ კახიძის თქმით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მ.კ.–ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე. კახიძის განცხადებით, ასევე ირკვევა, რომ საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირო. როგორც კახიძემ აღნიშნა, „ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ გ.ბ. არის სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე და არა მ.კ.“
„არ არის ვალდებული ადამიანი მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.