ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა.
მინისტრის თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარ-თებერვალი ჯამში 16.3%-იანი ზრდა გვაქვს და ეს პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.6%-ით აღემატება კიდეც. დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, რათა წელს ზრდა დანარჩენ თვეებშიც შენარჩუნდეს და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიღწეულ იქნეს. ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის და ფულადი გზავნილების კუთხით, დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
„ჩვენ იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით მაღალი გვქონდა ექსპორტი – ის 54.5%-ით გაიზარდა და 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულადი გზავნილები – მან 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 13%-ზე მეტით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმას, რომ საქართველოში, მათ შორის, კურსი სტაბილური უნდა გვქონდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შევინარჩუნოთ, როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.