LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდი – რჩევები მადრიდში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

322

მადრიდი – ჯადოსნური ქალაქია, დიდი მუზეუმების სამშობლო. თუ შოპინგი გიყვართ, ისეთ მაღაზიებში მოგიწევთ სიარული, დაცემამდე არ გამოხვალთ. მაგრამ მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ თვალსაწიერს ძალიან გაიფართოვებთ თუ ექსკურსიებს სწორად დაგეგმავთ.

 

პრადოს მუზეუმი

ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტის დაწყება მსოფლიოში სახელგანთქმული პრადოს მუზეუმით შეიძლება. ამ საგანძურში კოლოსალური კოლექციაა თავმოყრილი – 6 ათასზე მეტი ტილო, 400-ზე მეტი სკულპტურა, სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობები.

ბილეთი 14 ევრო ღირს. 18 წლამდელთათვის, სტუდენტებისთვის და შშმ პირებისთვის შესვლა თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში შესვლა კვირაობით და დახურვამდე ორი საათით ადრე უფასოა. უფასოა ვიზიტი 18 მაისს (მუზეუმების საერთაშორისო დღე) და 19 ნოემბერს (პრადოს დაბადების დღე).

 

სამეფო სასახლე

როგორც ევროპის სხვა რეზიდენციები, მადრიდის სამეფო სახლიც მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებებისთვის გამოიყენება, სხვა დროს ტურისტებისთვის ღიაა. შენობა გარედანაც ძალიან ლამაზია და შიგნითაც გაგაოცებთ დახვეწილი ინტერიერით და ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექციით. სასახლეში მუშაობს მუზეუმი და დასათვალიერებელი მოედანი, საიდანაც ქალაქზე შესანიშნავი ხედი იშლება.

როგორ ცხოვრობდნენ ესპანელი მონარქები ამის ნახვა ყოველდღიურად შეიძლება 9:30-დან 17:00 სთ-მდე (ოქტომბერი-მარტი) და 9:00-დან 18:00 სთ-მდე (აპრილი-სექტემბერი). ბილეთი 10 ევროა უფროსებისთვის და 5 ევრო ბავშვებისთვის.

 

მადრიდის მთავარი მოედანი

მადრიდის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი და ათვლის წერტილი. პლასა მაიორი მუდმივად სავსეა ტურისტებით. მოედანი პერიმეტრზე გარშემორტყმულია ძველი აივნიანი სახლებით, საიდანაც ძველ დროში დიდგვაროვნები წარმოდგენებს უყურებდნენ.

ერთ-ერთ ასეთ სახლში Casa de la Panaderia-ში შეგიძლიათ თქვენც შეხვიდეთ (ღიაა 11:00-14:00 და 17:00-20:00 საათებში) და ლამაზი ფრესკებითა და შუასაუკუნეების ინტერიერით დატკბეთ.

პლასა მაიორი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც მიმდებარე კაფეების შუქი და თავად მოედნის ფარნები ინთება.

 

სიბელესის მოედანი

მადრიდის კიდევ ერთი ბრილიანტი. მოედანს ქალღმერთ სიბელესის სახელი ქვია, რომელიც იქ მდებარე შადრევანს ამშვენებს.

მოედნის სიახლოვესაა ულამაზესი შენობები: ესპანეთის ბანკილინარესისა და ბუენავისტასსასახლეები, მაგრამ განსაკუთრებით ბრწყინავს სიბელესის სასახლე. ისე ანათებენ ეს თეთრი ლამაზმანი ღამითაც ულამაზესია.

 

ალმუდენას ტაძარი

მართალია ალმუდენა შედარებით ახალგაზრდაა (ХХ საუკუნეში ააგეს), მაგრამ სილამაზით არ ჩამორჩება „ვეტერანებს“, მაგალითად წმინდა ფრანცისკას. ინტერიერი ტრადიციულ გოტიკურ სტილშია.

ტაძარში შესვლა თავისუფალია. ის სამეფო სასახლის გვერდით მდებარეობს.

 

მონასტერი დესკალსას რეალესი

ეს მონასტერი Plaza de las Descalzas-ზე მდებარეობს და ტურისტულ მარშრუტში აუცილებლად შესატანია.

სამყოფელი, რომელიც ითარგმნება როგორც „ფეხშიშველა პრინცესების მონასტერი“, 1559 წელს დაარსდა. აქ ხელოვნების საგნების მდიდარი კრებულია თავმოყრილი.
საქმე ისაა, რომ ძირითადად დიდგვაროვანი ოჯახის და სამეფო სისხლის მქონე ქალბატონებს იღებდნენ და თითოეულს მონასტერში საკუთარი მზითევი მიქონდა. ასე მოგროვდა დიდი კოლექცია და დესკალსასი ევროპის უმდიდრესი მონასტერი გახდა.
დღეს ის მუზეუმს უფრო გავს, სადაც ნახავთ კარავაჯოს, რუბენსის, ტიციანის და სხვა მეტრების ნამუშევრებს.

შესვლა ფასიანია და 6 ევრო ღირს. გაითვალისწინეთ, რომ მონასტერში მხოლოდ ექსკურსია (45  წუთი) იმართება (20-კაციან ჯგუფებად) და გიდი მხოლოდ ესპანურენოვანია.

 

დებოდი

მადრიდში შეგიძლიათ ნახოთ ძველეგვიპტური ტაძარი. ის პირდაპირ Del Oste-ის პარკშია. ეს გახლავთ ეგვიპტის საჩუქარი ესპანეთს, რომელიც ტაძრების წყალდიდობისგან გადარჩენაში დაეხმარა.
ეგვიპტური სიწმინდეების ნახვა უფასოა 10:00-დან 14:00 სთ-მდე და 16:00-დან 20:00 სთ-მდე. პარკში ფეხით მიხვალთ სამეფო სასახლიდან.
ტაძარი ძალიან ლამაზია ღამის საათებში, როდესაც განათება ირთვება.

 

პარკი კასა დე კამპო

ამ მწვანე გიგანტს „მადრიდის ფილტვებს“ ეძახიან. ადრე სამეფო ნადირობის ადგილი დღეს ადგილობრივებისა და სტუმრების საყვარელი ადგილია. აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ ზოოპარკში, ისიამოვნოთ ფუნიკულიორითა და ატრაქციონებითტბასთან პიკნიკი მოაწყოთ. მოკლედ, რელაქსის მშვენიერი ადგილი და საშუალებაა.

პარკამდე მეტროთი მიხვალთ (სადგური Lago ლურჯ ხაზზე №10 ან Alto de Extremadura ნაცრისფერ ხაზზე  №6).

 

კორიდას მუზეუმი

მადრიდი კორიდას გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. ლოგიკურია, რომ ეს ეროვნული გასართობი განთავსებულია ხარებთან ბრძოლის არენის ტერიტორიაზე – ლას ბენტას. აქ გაიგებთ საიდან და როგორ გაჩნდა კორიდა, გაეცნობით წესებს, ნახავთ მატადორის კოსტუმებსდა შეიტყობთ მათ ისტორიას.

 

სან მიგელის ბაზარი

მადრიდის სულის შესაგრძნობად გაემართეთ სან მიგელის ბაზარში Plaza de San Miguel-ზე. ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ, ადგილობრივ დელიკატესებს შეიძენთ და აღმოჩნდებით ქალაქის მრავალფეროვანი ფერების, ხმებისა და არომატის ცოცხალ ატმოსფეროში.

 

 

მადრიდის ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ძალიან განვითარებულია და ქალაქის სიამაყეა. ესპანეთის დედაქალაქში ის წარმოდგენილია მეტროთი და ავტობუსით.

 

მეტრო

მადრიდის მეტრო ევროპაში სიდიდით მეორეა და პრაქტიკულად მთელ ქალაქს მოიცავს. ეს იაფი და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა. მუშაობს 6:00-დან 2:00 საათამდე.

 

ავტობუსი

მადრიდის ავტობუსები ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი (კონდიციონერი, პანდუსი ეტლისთვის, სპეციალური ღვედი). ასვლა წინა კარიდან ხდება. თუ ბილეთი წინასწარ არ გიყიდიათ, შეგიძლიათ მძღოლთან შეიძინოთ, ოღონდ ჯობია წვრილი ფული გქონდეთ.

ავტობუსის მარშრუტი მთელ დედაქალაქს და გარეუბნებს ფარავს. დღის ავტობუსები დადიან 6:00-დან 0:00 სთ-მდე, ღამის – 0:00-დან 6:00 სთ-მდე.

მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ევროა. აბონემენტის შეძენა შეიძლება მეტროში, საგაზეთო ან თამბაქოს ჯიხურებში.

 

მადრიდის ინფრასტრუქტურა: როგორ დაძლია ესპანეთის დედაქალაქმა საცობების პრობლემა

7 რამ რაც უნდა გააკეთოთ მადრიდში

ისაუზმეთ მადრიდულად

გინდათ ახალ დღეს ნამდვილი მადრიდელივით შეხვდეთ – წადით ჩოკოლატერია San Ginés-ში, რომელიც 120 წელიწადზე მეტია საუკეთესო ჩუროებითაა სახელგანთქმული. ნამდვილი ცხელი შოკოლადის გარეშე მადრიდიდან ვერ წამოხვალთ.

მადრიდის ყველაზე გემრიელი ღირსშესანიშნაობა: ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ

 

აყევით გრან ვიას რიტმს

კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული მოდური ბუტიკები, საიუველირო სალონები, ბარები და კაზინოები – ასეთია მადრიდის მთავარი ქუჩა, რომელიც მეტროპოლისიდან ესპანეთის მოედნამდეა გადაჭიმული. შეიარეთ კოქტეილ-ბარში Museo Chicote. აქ ყოფილან ერნესტ ჰემინგუეი, სალვადორ დალი, ლიზ ტეილორი და ფრენკ სინატრა, ცნობილი ადამიანები დღესაც არ აკლია აქაურობას.

 

ეწვიეთ „ოქროს სამკუთხედს“

მადრიდის ყველა მუზეუმს და გალერეას ერთი მოგზაურობით ვერ მოივლით. „ოქროს სამკუთხედი“ პროგრამა-მინიმუმია. პრადოს მუზეუმზე ზემოთ უკვე ვთქვით.

ტისენ-ბორნემისას გალერეაში ინახება მონეს, ვან გოგის, რენუარის, შაგალის, პიკასოს შედევრები. ორშაბათობით (12:00-16:00 სთ) მუდმივ ექსპოზიციას უფასოდ ნახავთ.

ხელოვნების სამკუთხედს ასრულებს დედოფალ სოფიას მუზეუმი თანამედროვე ესპანელი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით. ამ არტ-ცენტრში ოთხი საგამოფენო დარბაზია. სამუშაო გრაფიკი ყველას განსხვავებული აქვს, თუმცა ბოლო საათები შესვლა თავისუფალია.

ტისენ-ბორნემისას მუზეუმი – რეპორტაჟი მადრიდიდან

 

ექსკლუზიური ფოტოები მადრიდის მუზეუმიდან, სადაც გადაღება აკრძალულია

 

 

მარტო სულიერი საზრდო იქნებ საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამიტომ სავალდებულო დანიშნულების ადგილია – ხამონის მუზეუმი, სადაც დააგემოვნებთ სერანოს (გამოყვანილი თეთრი ღორის ხორცი) და იბერიკოს (მზადდება უფრო ძვირფასი შავი ღორისგან).

 

დაისვენეთ ქალაქის პარკებში

ყველაზე ფართოა კასა დე კამპო ტბით, ფუნიკულიორით, ატრაქციონებით და ზოოპარკით – 5-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი.

რეტიროს პარკი ცენტრთან ახლოსაა, ბევრად მცირე ზომისაა, მაგრამ არანაკლებ თვალწარმტაცი. შეგიძლიათ ნახოთ თოჯინების წარმოდგენა, გაისეირნოთ ნავით, გაგრილდეთ შადრევნებთან. სხვათა შორის, აქ არის დაცემული ანგელოზის უნიკალური ძეგლი.

როგორი უნდა იყოს ქალაქის პარკი – რეპორტაჟი მადრიდიდან

სამეფო სასახლესთან კამპო დელ მოროს ბაღებია, რომელიც რომანტიული გასეირნებისთვისაა, ხოლო სუპერგმირების სანახავად მადრიდის გარეუბანში Warner Brothers-ის პარკში შეგიძლიათ წახვიდეთ.

 

საფეხბურთო დიდებას გვერდს ვერ აუვლით

„ატლეტიკოს“ წარმატებები ნეპტუნის შადრევანთან აღინიშნება, სიბელესი კი „რეალის“ გულშემატკივრების ტრიუმფის ადგილია. ეწვიეთ ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ექსკურსიაზე.

ბერნაბეუს ტური – რეპორტაჟი მადრიდის რეალის სტადიონიდან

 

ისაუზმეთ მსოფლიოს უძველეს რესტორანში

„ყველაზე ძველი რესტორანი მსოფლიოში“ – სწორედ ასეთი სახელით შევიდა Botin გინესის რეკორდებში. 1725 წლიდან მოყოლებული აქ ამზადებენ ხორცს კასტილიურად ძველებურ ხის ღუმელში. ამ რესტორანში ევროპელ მონარქებს უსადილიათ, ჭურჭელს რეცხავდა გოია და აღმაფრენას ეძებდა ჰემინგუეი.

 

გამოტენეთ ჩემოდნები

გარდერობს გლამურს დაამატებთ მადრიდის „ოქროს არხზე“: სერანოს ქუჩა თვალს ჭრის ბუტიკებით Prada, Loewe, Armani, Roberto Verino, Adolfo Domínguez და სხვა შოუ-რუმებით. ეკონომიური შოპინგია აუთლეტ-ცენტრში Las Rozas Village. ძველმანების სანახავად კვირა დღეს ელ რასტროს უნდა ეწვიოთ (ჩვენებური მშრალი ხიდია).

 

როგორია არაოფიციალური მადრიდი

 

 

სხვა ღირსშესანიშნაობები

პუერტა დელ სოლ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა თავის წარმომავლობას „მზის კარს“ უნდა უმადლოდეს – ქალაქის კედლის ერთ-ერთ ჭიშკარს, რომელიც ქალაქს მე-15 საუკუნეში ერტყა გარს.
ქუჩის მუსიკოსებისაცირკო წარმოდგენები, ათასი ჯურის ხალხის თავმოყრა – ყველაფერი აქ ხდება…

მოედანზეა იდუმალი ქანდაკება „დათვი და მარწყვის ხე“, რომელიც 1966 წელს დანგრეული შადრევნის ნაცვლად დადგეს.

 

ატოჩას სადგური

ესპანეთის უმსხვილესი რკინიგზის სადგური, რომელმაც სახელი იქვე მდებარე მონასტერ ატოჩას პატივსაცემად მიიღო. 1992 წელს ძველი შენობა ექსპლუატაციიდან გამოვიდა და ახლა იქ ტროპიკული ბაღია მოწყობილი. სადგურზე თავმოყრილია მაღაზიები, კვების ობიექტები და ღამის კლუბიც კი.

 

აღმოსავლეთის მოედანი

მადრიდის ცენტრში მდებარე მოედანმა სახელი Plaza de Oriente მდებარეობის გამო მიიღო. ის სამეფო თეატრსა და სამეფო სასახლეს შორისაა, აღმოსავლეთის მიმართულებით. მოედნის მშენებლობა მე-18 საუკენეში დაიწყო.

 

სამეფო ოპერის თეატრი

მადრიდის მთავარი და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეატრი, რომელიც ქალაქის სიმბოლოდაც მიიჩნევა. აქ წარმოდგენებს ხშირად ესწრება სამეფო ოჯახი.

 

ესპანეთის მოედანი

ტურისტებსა და ადგილობრივებს შორისაც ერთ-ერთი პოპულარული მოედანია. აქ არის ფრანკოს რეჟიმის დროს აღმართული ცათამბრჯენები. თუმცა მთავარი დონ კიხოტის და სანჩო პანსას ძეგლია.

 

მუზეუმები

 

მადრიდში „ოქროს სამკუთხედის“ გარდა სხვაც ბევრი მუზეუმი და სანახავია.
სან-ფერნანდოს ხელოვნების სამეფო აკადემია, სერალბოს მუზეუმი, ხოაკინ სოროლიას მუზეუმი, ესპანეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა, ანტროპოლოგიური მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, რომანტიზმის მუზეუმი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი, ცვილის ფიგურების მუზეუმი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საზღვაო მუზეუმი და ამერიკის მუზეუმი. ამ მუზეუმს ევროპაში ანალოგი არ აქვს.

 

მადრიდის არქიტექტურა: როგორი უნდა იყოს ქალაქი – ექსკლუზივი ესპანეთის დედაქალაქიდან

 

 

რა ვნახოთ მადრიდის სიახლოვეს

 

ავილა (Avila) – ესპანეთის ყველაზე მაღლა მდებარე პროვინციალური ცენტრი

თუ გიყვართ ეკლესიებისა და ტაძრების მონახულება, ქალაქი ავილა თქვენთვის ყოფილა. მას „ქვის ქალაქსაც“ უწოდებენ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი გოთიკური და რომანული სტილის ეკლესიაა.

მადრიდი-ავილა 114 კმ-ია.მატარებელი ჩამარტინის სადგურიდან 12 ევროა ერთი გზა და საათნახევარს ანდომებს. ავტობუსი ესტასიონ სურ-დან გადის, 7 ევრო ერთი გზა, ჭირდება 1 სთ 20 წთ.

 

მანსანარესის ციხესიმაგრე – New Castle of Manzanares el Real

მანსანარესი მე-15 საუკუნის ციხესიმაგრეა. ის ცნობილია ფილმის „ელ სიდის“ დამსახურებითაც. ეს ადგილი სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა. 6-სართულიანი ციხესიმაგრე თავდაცვითი დანიშნულების არქიტექტურის ნიმუშია. დღეს ის მუზეუმია და მადრიდიდან 50 კმ-ში მდებარეობს.

მადრიდიდან მანსანარესამდე 54 კმ-ია, დაახლოებით 1 საათის გზაა. კასტილიის მოედნიდან ავტობუსი 714 და 724 გადის. ატოჩას სადგურიდან მეტრო M-1. ესტასიონ სურ-დან ავტობუსი 102, 720. პუერტო დე სოლ-დან ავტობუსი 671, 720, მეტრო M-3.

 

ქალაქი კუენკა (Cuenca) – შუასაუკუნეების ქალაქი-ციხესიმაგრე

ასეთ სანახაობას ყოველდღე ვერ ნახავთ: აქ სახლები პირდაპირ კლდიდან ამოდის. ბევრი ნაგებობა მე-12 საუკუნისაა, მათ შორისა საკათედრო ტაძარიც. კუენკაში მადრიდიდან სწრაფი მატარებლით ერთ საათში ჩახვალთ.

მადრიდი-კუენკა 168 კმ-ია, მატარებელი ატოჩადან 1 საათს ანდომებს, 35 ევროა ერთი გზა. ავტობუსი ესტასიონ სურ-დან – 1 სთ 50 წთ, ერთი გზა – 12,5 ევრო.

 

ესკორიალის მონასტერი El Escorial

ესკორიალის მონასტერიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს ესკორიალის კომპლექსის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მოიცავს: სამეფო სასახლეს, სკოლას და მუზეუმს. კომპლექსი მე-16 საუკუნეში აღმართეს.

მადრიდი-ესკორიალი 53 კმ-ია, ავტობუსი Intercambiador Moncloa-დან გადის და 55 წთ სჭირდება. 4,2 ევრო ღირს ერთი გზა. მატარებელი სადგურ ჩამარტინიდან გადის, 5,5 ევროა ერთი გზა, 50 წუთი უნდა გზას.

 

დაღუპულთა ველის ძეგლი (Valley of the Fallen)

ძეგლი ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ ააგეს. მშენებლობისას პატიმართა შრომა გამოიყენეს. ის ძალიან პოპულარულია ტურისტებში. ნაციონალური პარკი, რომელიც ესკორიალის მონასტერიდან რამდენიმე წუთის სავალზეა, 1930-იან წლებში დაახლოებით 40 ათასი დაღუპულის სამარეა.

ამ ადგილამდე ესკორიალიდან უნდა წახვიდეთ, საიდანაც დაახლოებით 10 კმ-ია. ავტობუსი ესკორიალის სადგურიდან 15:15 სთ-ზე გადის, ერთი გზა 4,40 ევრო ღირს და უკან 17:30 სთ-ზე ბრუნდება, ანუ დღეში ერთი ავტობუსი დადის. ალტერნატივა გახლავთ ტაქსი ესკორიალიდან – 20 ევრო ერთი გზა (ოთხი კაცი).

 

ტოლედო Toledo – მოკირწყლული ქუჩებისა და მარციპანის ქალაქი

ძველ ქალაქ ტოლედოში შეგიძლიათ თვალწარმტაც პატარა ქუჩებში ისეირნოთ. ქალაქი ბორცვზეა აღმართული, ტურისტები როგორც წესი დათვალიერებას ზემოდან იწყებენ და თანდათან ეშვებიან ძირს. ტოლედოში ქრისტიანული, იუდეველთა და მუსლიმანური კულტურის შერწყმაა, ამიტომ აქ ნახავთ შენობებს, რომელიც სამივე რელიგიის ხასიათას ატარებს. ტოლედოში უნდა ნახოთ საკათედრო ტაძარი, ალკასარის ციხესიმაგრე და დააგემოვნოთ ადგილობრივი მარციპანი.
პატარა მატარებლით კი შეგიძლიათ ქალაქს წრე დაარტყათ (5.5 ევრო).

ტოლედო ნამდვილი საოცრებაა, ის არასოდეს დაგავიწყდებათ!

ტოლედომდე 80 კმ-ია, მატარებელი ატოჩადან გადის – 12,90 ევრო ღირს ერთი გზა და 33 წუთში ჩაგიყვანთ. ავტობუსი პლასა ელიპტიკადან დადის, 5 ევროა ერთი გზა, 1:30 სთ-ში ჩადის.

 

სეგოვია Segovia – ძველი ქალაქი, რომელიც მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო

სეგოვია მსუბუქი მრეწველობითა და სავაჭრო ცენტრით იყო განთქმული. ცნობილი რომაული აკვედუკი 728 მეტრი სიგრძისაა და სიმაღლეში 28 მეტრი, რომელიც ქალაქზეა აღმართული და მის გარშემო ადგილებსაც მოიცავს. აქვეა არქიტექტურული სასწაული 25 ბლოკისგან, რომელიც ცემენტის გარეშე დგას.

მადრიდი-სეგოვია 97 კმ-ია, ავტობუსი სადგური მონკლოადან გადის და 9 ევროა ერთი გზა (1 სთ 20 წთ). მატარებელი სადგური ჩამარტინიდან დადის, ნახევარ საათში ჩაგიყვანთ და ერთი გზა 12 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები