საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ახალი – C5 კატეგორიის ვიზის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ახალი კანონპროექტით, C5 კატეგორიის ვიზა იქნება მრავალჯერადი, 5 წლის მოქმედების ვადით, რაც მფლობელს უფლებას მისცემს საქართველოში ჯამურად 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდეს. აღნიშნული ვიზა ასევე გავრცელდება პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ვიზის მფლობელებს შეეძლებათ დისტანციური საქმიანობის განხორციელება არარეზიდენტი პირების სასარგებლოდ.
C5 ვიზის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) გაცემისთვის დაწესებული მოსაკრებელი და ბაჟი 20-დან 500 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.
ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, ტურიზმის სექტორისა და მომსახურების სფეროს განვითარებას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება.
