LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი თავს მხოლოდ საკუთარი კოსმეტიკური ხაზის პროდუქტებით უვლის: „მაისში 48 წლის ვხდები… ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ საკუთარ თავს ხელიც უნდა შეუწყო… რაც შეეხება კონკურენციას, ნუკი და თამო მგულშემატკივრობენ…“

1529
მაია-ასათიანი

მაია ასათიანისთვის 4 წლის წინ ახალი, რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი დაიწყო, როდესაც საყვარელ საქმიანობას, ტელევიზიას ჩამოშორდა… დიდი ხანია, სურდა საკუთარი კოსმეტიკის ხაზის შეექმნა და ტელეჟურნალისტმა ეს იდეაც, როგორც აქამდე მის ცხოვრებაში, სხვა იდეები, წარმატებით განახორციელა. მაიას ბრენდთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ და საინტერესო პასუხებიც მივიღეთ…

მაიკო, პირველ რიგში, საიდან გაგიჩნდა საკუთარი კოსმეტიკის ხაზის გაკეთების საშუალება და რაც მთავარია, როგორ მოაბი ამას თავი?

ბოლო 10-15 წელი სულ მინდოდა, თავის მოვლის ჩემი ხაზი მქონოდა, ჩემი პროფესიის მიღმა თუ რამე ვიცი, როგორც პროფესიონალმა, ეს თავის მოვლის თემებია. უბრალოდ, ნებისმიერ საქმეში ასეა, 24 საათი თუ არ მიუძღვენი, სული და გული თუ არ ჩადე, წარმატება არ მოვა. როცა ტელევიზიით ვიყავი დაკავებული, პარალელურად ვერ მოვაბი თავი სხვა რაღაცის კეთებას. ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც თავის მოვლას უკავშირდება. უდიდესი შრომის შედეგია ის, რასაც ახლა ყველა ხედავს. წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობ. ჩვენი პირველი პირმშო იყო ლუქს კრემი.

საქართველოში სხვა ცნობილ ქალბატონებსაც აქვთ საკუთარი ხაზები, ნუკის, თამოს – შეგიძლია გვითხრა, შენი ხაზი რით არის განსხვავებული და კონკურენტებად თუ მიიჩნევ მათ?

რაც შეეხება კონკურენციას, გოგონები ძალიან მგულშემატკივრობენ. ბევრი მილოცვაც მივიღე და თამომ თავის გვერდზე რეკლამაც დადო. ჩემი ხაზი გამორჩეულია იმით, რომ არის ანტი ეიჯი, ზუსტად იმ ასაკის ქალბატონებისთვის არის გათვლილი, რა ასაკისაც ახლა მე ვარ. 35 წლიდან, როცა უკვე იწყება და თვალსაჩინოა ასაკში შესვლის ნიშნები, ნაოჭები, მოშვებული კანი თუ დაღლილი სახის ეფექტი, სწორედ ამისთვისაა ჩვენი პროდუქცია. კონკურენტად არ მივიჩნევ, რადგან სამივე ჩვენგანს სხვადასხვა ხაზი გვაქვს და სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. რაც მეტი ქართული ხაზი იქნება ბაზარზე, მით უფრო კარგია, ჩემი აზრით…

ხშირად ვადევნებ შენს გვერდს თვალს და ვხვდები, რომ საკმაოდ ბევრი შეკვეთა გაქვს – როგორ აუდიხარ ამდენი შეკვეთის მომზადებას, ამას თავად აკეთებ თუ გუნდი გყავს?

რა იყო ჩემი მთავარი სურვილი და მოტივაცია? ბაზარზე არსებული თითქმის ყველა არსებული საშუალება დავტესტე. ლუქს კოსმეტიკა, რომელიც მომენტალურად ახდენს ცვლილებებს, ღირს ძალიან ძვირი. საშუალო შემოსავლის მქონე ქალბატონს 200 და 300-ლარიანი კრემის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენი კრემი კი ღირს 69 ლარი. ჩემი მიზანი იყო, რომ ლუქს ხარისხის პროდუქტები შემექმნა ხელმისაწვდომ ფასად. უამრავი დადებითი გამოხმაურება გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ჩემს პროდუქციას წაისვამს მომხმარებელი, მალევე ჰქონდეს შედეგი. ძირითადი ნიშა არის ის, რომ წაისვამ პროდუქტს, ჩაიხედავ სარკეში და მიხვდები, რომ წლები ჩამოგაკლდა…

24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. პატარა გუნდი ვართ. ეს ჯერჯერობით, სტარტაპია. სულ ვართ ოთხნი, ახალგაზრდაა ყველა, 30 წლამდე. ძალიან საინტერესოა მათთან ერთად მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩემი პროდუქტი არასდროს ეღირება 100 ლარზე მეტი. ერთხელ შეიძლება იყიდო ძვირად ღირებული კრემი, მუდმივ რუტინაში მის ჩართვას ფინანსურად ვერ შეწვდები. ჩვენ ფასდაკლებებიც გვაქვს ხოლმე… თუ სასწაული ინფლაცია არ მოხდა, პროდუქტს არასდროს გავაძვირებთ…

თავის მოვლის რუტინაც გაგვიზიარე. ასევე, ვიცი, რომ საკმაოდ ზრუნავ საკუთარ თავზე და სტუმრობ კოსმეტოლოგებს სხვადასხვა პროცედურისთვის. რა პროცედურებს მიმართავ ყველაზე ხშირად?

სურვილი მქონდა, რომ თავის მოვლის საშუალებების ყიდვა არ დამჭირვებოდა. თავიდან ბოლომდე ჩემს პროდუქტებს ვიყენებ. ტესტირებასაც საკუთარ თავზე გავდივარ. მეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართულ ლაბორატორიაში მზადდება და ჯადოსნური ფორმულებიც ქართველის შექმნილია.

დილით სახეს ვიბან ჩემი სახის დასაბანით, რომელიც არის კრემოვანი, რომელიც სახის კანს არ აშრობს, არამედ ატენიანებს, შემდეგ დავიტან შრატს და ორი წუთის შემდეგ კრემს. მაისში 48 წლის ვხვდები და რა თქმა უნდა, ვსტუმრობ კოსმეტოლოგებს. ასაკი მხოლოდ ციფრები კი არის, მაგრამ საკუთარ თავს ხელიც უნდა შეუწყო…

ხშირად პასუხობ გამომწერების კითხვებს იმის თაობაზე, რომ ტელევიზიაში აღარ ხარ. მთავარი კითხვაა, როდის დაბრუნდება მაია ეკრანზე. დღეს, მაყურებლის ამპლუაში ყოფნა როგორია?

ხშირად სიზმარში ვნახულობ, რომ გადაცემა მიმყავს, ისე ძალიან მენატრება ტელევიზია, მაგრამ დღეს, როცა ოპოზიციური არხები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშაა და უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია, ჩემი დაბრუნება, სამწუხაროდ, არ გამოვა. აუცილებლად დავბრუნდები ტელევიზიაში, რადგან ეს ჩემი გულის საქმეა და დეენემის ნაწილი… ძალიან რთული პერიოდი მქონდა ბოლო 4 წელი, რაც აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი საქმე აღარ მაქვს.

დაბოლოს, მინდა გკითხო, კოსმეტიკის ბიზნესი ისაა, რაც შენი ძირითადი საქმიანობა გახდება სამომავლოდ? რა გეგმები გაქვს ამ მხრივ?

რაც შეეხება მომავალს, ყოველდღე ახალ-ახალი იდეები მომდის, ვამატებთ ახალ პროდუქტებს. ახლახან წარვადგინე კრემი და შრატი, რომელსაც ჰქვია „მარგალიტი“, ნატურალური მარგალიტის ჰაილაითითაა და სახე ბრწყინავს. როცა ტელევიზიაში დავბრუნდები, M110 მაინც იარსებებს და შევეცდები, რომ არც ერთ საქმეს არ მოვაკლო ყურადღება. ეს არის საქმე, რომელსაც ნელ-ნელა მივყვები წარმატებისკენ. ყველა მომხმარებელს ვეკონტაქტები და ვითვალისწინებ მათ სურვილებსა და რჩევებს. მოკლედ, არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g