თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა დაადასტურა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. კარასინის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.
რუსეთის მედიის ინფორმაციით, მსგავს დელეგაციებს ყოველთვის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს ხოლმე.
აშკარაა, საქართელოს გაზაფხულზე დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ქართველებმა სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია არ დავარღვიოთ და “გავრილოვის ღამის” შემდეგ არც „ლავროვის ღამე“ გაგვითენდეს?
რუსეთის დელეგაცია თბილისში ჩამოდის: მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალია
„ფორტუნა“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა. არეშიძის თქმით, „ლავროვის ღამე“ დიდი ალბათობით იქნება.
„ლავროვის ღამე“ აუცილებლად იქნება. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, რომ მაისში, თბილისში „ლავროვის ღამე“ გათენდეს. თუ ლავროვი არ ჩამოვიდა და რუსეთის ისეთი დელეგაცია გამოაგზავნა, რომელიც საზღვრის გადმოკვეთით კანონს არ არღვევს, მაშინ ოპოზიცია მაინც შეეცდება, პროტესტი გამოთქვას, მაგრამ ხარისხი სხვა იქნება. რასაკვირველია, ხელისუფლება შეეცდება, „გავრილოვის ღამე“ არ განმეორდეს. მაგრამ ოპოზიციისთვის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს ხელისუფლების ორპირობას. თუ დასავლელი პარტნიორები მოსთხოვენ ოპოზიციას, რომ აქციები არ იყოს, აქციები არ იქნება და თუ არ სთხოვენ მკაცრად, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, მოხდეს ის, რაც სერგეი გავრილოვის სტუმრობის შემთხვევაში მოხდა. დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკა პიარ-ტექნოლოგიების საშუალებით იმართება. ევროსაპჭოს მინისტერიალის მასპინძლობა ოპოზიციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პიარშესაძლებლობაა. ხელისუფლების ვალდებულებაა, ბოლომდე დაიცვას სიმშვიდე და ღონისძიებამ ნორმალურად ჩაიაროს, მაგრამ…”
არეშიძე მაისში მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს.
„რუსეთი აუცილებლად შეეცდება, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და სერგეი ლავროვი ჯიბრზე ჩამოვა.
მეორე, შეიძლება ლავროვი არც ჩამოვიდეს, თავი დაიზღვიოს, რომ გავრილოვის ბედი არ გაიზიაროს და მაშინ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვეულებრივი ღონისძიება“, – აცხადებს ექსპერტი.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ევროსაბჭოს მინისტერიალის მასპინძლობა გამოცდა იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„ხელისუფლება უნდა იყოს კორექტული. „გავრილოვის ღამე“ მოხდა იმიტომ, რომ არაგონივრული ნაბიჯები გადადგა და შეუქცველ პროცესებს შეუწყო ხელი. ვერ გათვალა რისკები. იმედია, „გავრილოვის ღამე“ გაკვეთილი იქნება და როდესაც რუსული დელეგაცია ჩამოვა, უფრო მეტად იქნება საფრთხეები გათვლილი. ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, მათ შორის მეც, ვინც ვაპროტესებთ რუსულ პოლიტიკას. მინისტერიალის მასპინძლობა კარგი შანსია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ რუსული პოლიტიკა გააპროტესტოს. ოპოზიციამ უნდა ჩაატაროს ფართომასშტაბიანი, კარგად ორგანიზებული, ეფექტური მიტინგი, მაგრამ არ უნდა იყოს რადიკალური და აგრესიული. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ოპოზიცია არის კონსტრუქციული. მგონია, რომ ხელისუფლებას აწყობს, რომ ოპოზიცია გამოჩნდეს რადიკალური, რათა შემდეგ არჩევნების წინ ქულები ჩაიწეროს. თქვას, აი, რა ოპოზიცია არის და ნუთუ გინდათ ასეთი ხელისუფლებაო.
ამიტომ მგონია, რომ ეს ვიზიტი იქნება გამოცდა, როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. გაირკვევა, რამდენად შეუძლიათ, მათ მართონ ემოცია.”
ექსპერტის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ იქნება, თუ რუსულ დელეგაციას საერთოდ არ მივიღებთ.
„თუ რუსული დელეგაციის მიღებაზე უარს ვიტყით, ეს ჩვენი უსუსურობის ნიშანი იქნება. რუსული დელეგაცია საქართველოში კი არ ჩამოდის. ჩამოდის ევროპარლამენტის ღონისძიებაზე. საქართველომ კეთილი უნდა ინებოს და უნდა უზრუნველყოს ღონისძიების გამართვა. თუ სახელმწიფოა, სახელმწიფო უნდა იყოს. უნდა გაუმკლავდეს როგორც მასპინძლობას, ისე საპროტესტო ტალღას“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
კითხვაზე, ხომ არ სჯობს, რომ საერთოდ არ გავაპროტესტოთ რუსული დელეგაციის ვიზიტი და მსოფლიოს დავანახოთ, რომ შეგვიძლია, მტერსაც კი ვუმასპინძლოთ, ექსპერტი გვპასუხობს:
„პროტესტი მასპინძლობას ხელს არ შეუშლის. მათ გაუმასპინძლდებიან კიდეც, რესტორანშიც უნდა წაიყვანონ, მაგრამ ჩვენ რუსული დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა კი არა, რუსულ პოლიტიკა უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ პროტესტი პრინციპულად მშვიდობიანი უნდა იყოს“, – განაცხადა ექსპერტმა.