ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, თუ 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოს 51 561 ვიზიტორი ეწვია, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 10 818 იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ 2022 წლის მაისში, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ 15 ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზეა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით +228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია.
მაისშივე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.