LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდა – „გოგოშკასავით გამოვიყურები, ამიტომ ასაკს არ ვმალავ…“

4331
makzambaxidze20345

მომღერალ მაკა ზამბახიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდა. როდესაც მისალოცად დავურეკეთ, ცოტა მოწყენილი დაგვხვდა, როგორც ყველა მისი კოლეგა. ფინანსური თემის გარდა, მაკასთვის სცენასთან ასეთი დიდხნიანი გამომშვიდობებაა დიდი პრობლემა… ამის გამო ცოტა ჯანმრთელობაც დაუზიანდა, თუმცა ახლა მკურნალობის პროცესშია. მალე ახალ კლიპს შემოგვთავაზებს. ამ ყველაფრის შესახებ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.

მაკა, გილოცავთ დაბადების დღეს. როგორ გრძნობ თავს?

დიდი მადლობა. ცოტა მოწყენილად, მართალი გითხრათ… საკუთარ პროფესიას იძულებით ვარ ჩამოშორებული. სექტემბრის მერე ერთი ლარი არ მიშოვია და არ ვიცი, რა არის ჰონორარი. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ფინანსების საკითხი კიდევ ცალკეა, მაგრამ იმასაც განვიცდი, რომ ამის შემდეგ კონცერტი თუ მექნება, ახალი განცდებით ვიქნები. ჩვენი პროფესია ხომ იცი, როგორაა, თუ ჩამოშორდი, სცენა ისე ამოგაყირავებს, შეიძლება შენი თავი ვერ იცნო. ყველასთვის ცნობილია ჩვენი აქტიურობა და ასე ყოფნა აქტიური ადამიანებისთვის ორმაგად ძნელია…

დაბადების დღეს არ აღნიშნავ?

დღეს, კომენდანტის საათის ამბავში რა უნდა აღვნიშნო. სახლში ვარ, ვინც მოვა, მათთან ერთად გავატარებ ამ დღეს. მეგობრებმა იციან, რომ სახლში ვარ. ვისაც რა დროს მოუნდება, ისე ამოვა.

შენს გემრიელობებს არ ამზადებ?

ერთი-ორი ხელი კერძი მოვამზადე, თუმცა ცოტა ძალაგამოცლილი ვიყავი ამ ბოლო დროს. ამდენი სტრესის ფონზე, ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა, სტრესმა ძალიან იმოქმედა, შექმნილმა გარემოებებმა ძალიან დამარტყა, თუმცა ახლა მკურნალობის პროცესს გავდივარ და თავს უკეთ ვგრძნობ.

დაბადების დღეზე საჩუქრებს ელოდები?

საჩუქრებს იუბილარი ყოველთვის ელოდება, უბრალოდ, ისეთი სიტუაციაა, არავის ვავალდებულებ. ყველას გაგებით ვეკიდები. მთავარია, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე, ინსტაგრამიდან მილოცვები, ჩემი ახალი სიმღერის გადაზიარებებით, მათ შორის. ძალიან გამიხარდა, რომ თქვენმა რადიოჰოლდინგმა ქარდებით მომილოცა, ადამიანებისა და მსმენელის სიყვარული ყველაზე დიდი საჩუქარია.

ისე, იმდენად კარგი მეგობრები მყავს, საჩუქრებს ყოველდღე ვიღებ. ისეთ კარგ წრეში ვარ, არ მაკლია საჩუქრები, გვერდში დგომა და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი მეგობრები მუდმივად მამხნევებენ თბილი სიტყვებით, ასევე ოჯახის წევრებიც გვერდში მიდგანან… ჯანმრთელობა მთავარია… აქამდეც ამას ვამბობდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული ამაში.

ასაკს გაგვიმხელ?

38 წელი შემისრულდა. მე გამოვიყურები გოგოშკასავით (იღიმის). ეს მაძლევს ასაკის გამხელის უფლებას. ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს და კარგ აურას აფრქვევდეს. ეს პერიოდი ნამდვილად ცოტა ძალიან ჩამქრალი ვარ. მომენატრა სიმღერა. ცოტა გაუბედავად ვმღერი. არ შეიძლება მომღერლისთვის ამდენი დასვენება. მომენატრა მიკროფონი, სცენა, აქტიური ცხოვრება, გაპრანჭვა, მაკიაჟი არ წამისვამს, დიდი ხანია და თმას ვიშრობ სახლში. ბევრია ამდენი დასვენება. მე ტელევიზიაში არ ვმუშაობ. იმ მომღერლებს გაუმართლათ, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, რადგან უფრო მეტად აქტიურები არიან. კლიპის გადაღება მაქვს ნათელი წერტილი, აქ გავიპრანჭები და ქალად ვიგრძნობ თავს.

რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე?

ვინარჩუნებ წონას. ჩემი კონფიგურაცია ისეთია, რომ ერთი კილოც თუ მოვიმატე, ვიმატებ ყველგან, ერთიანად. დიეტებს ვერ ვიტან, მაგრამ ხანდახან მივმართავ  18-საათიან დიეტას და ეს მანარჩუნებინებს წონას. შოთის პურს ვერიდები, მაგრამ ზოგადად მე ძალიან გურმანი ვარ. მე ყველაფერს ვჭამ, რაც იჭმევა. ძალიან მიყვარს ჭამა, ამიტომ წონის პრობლემა მაქვს და სულ სამ კილოს ვებრძვი. ახლა ჯანმრთელობის პრობლემამ წონა დამაკლებინა.

სახის კანის მოვლა არის მნიშვნელოვანი. წელიწადში ორჯერ ვიკეთებ ბიორევიტალიზაციის ინიექციებს, დღეში ორჯერ დატენიანება, შრატი, სახის გაწმენდა – ესეც ჩემი რუტინის ნაწილია.

კლიპი ახსენე და მოგვიყევი მის შესახებ

ამ კვირაში ვიწყებთ კლიპის გადაღებას ჩემი დაბადების დღის სიმღერაზე. როგორც იქნა, მოვაბით თავი.  ერთ-ერთი კომპანია Estaf Faf იღებს. რამდენიმე მაკეტი იწყობა, რომელიც მუსკომედიის თეატრის სივრცეში კლიპისთვის რამდენიმე ლოკაციას შექმნის. დაბადების დღის თემაა, ძალიან მასშტაბურია და უფრო მეტად ხარისხიანი კლიპი შეეფერება. ძალიან მონდომებულები ვართ. ამ კვირის ბოლოს არის გადაღების პირველი დღე. ალბათ, მონტაჟიანად ორ თვეში უნდა იყოს მზად. ზაფხულისთვის, როცა იმედი მაქვს, ლაღები და ბედნიერები  ვიქნებით, იქნებ, კონცერტიც გვეღირსოს, კარგ პერიოდში იქნება პრეზენტაცია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები