“ვაქცინის არასამართლიანი გადანაწილება გაზრდის გლობალურ უთანასწორობას” – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი და მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, მათ ხელთ არსებული ვაქცინების მარაგიდან, 5% ღარიბი ქვეყნებისთვის გამოყოს.
ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მდიდარ ქვეყნებში დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი და იცრება ასობით მილიონი ადამიანი, აუცილებელია პროცესი დაბალგანვითარებულ ქვეყნებშიც დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უსამართლობა იქნება.
პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინის დოზების გამოყოფის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
დღეს კი ონლაინფორმატში დიდი შვიდეულის სამიტი (G7) იმართება, რომელზეც ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება კოვიდპანდემია და გლობალურ კრიზისთან გამკლავება.
სამიტს პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება აშშ-ს მეთაური ჯო ბაიდენი, რომელიც აცხადებს, რომ კოვაქსპლატფორმისთვის, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესს, გამოყოფს 4 მილიარ დოლარს. ეს კი გაზრდის სხვადასხვა ქვეყნისთვის შანსს, მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული დოზები.
საფრანგთის პრეზიდენტმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინების განაწილების იდეას მხარს უჭერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იმედი გამოთქვა, რომ ამ მოწოდებას სხვა ქვეყნების ლიდერებიც შეუერთდებიან.
ვაქცინების არათანაბარი და უსამართლო გადანაწილების გამო, კრიტიკული მოსაზრება რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც დაახლოებით 10 ქვეყანაში ვაქცინა გაუკეთდა მოსახლეობის 75 პროცენტს, პროცესი არც კი დაწყებულა განვითარებად ქვეყნებში.