„მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე, როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.
„ჩვენ გასული წლის 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღინიშნა როგორც დიდი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს. მოსახლეობა ითხოვს, რომ არავინ, განსაკუთრებით მთავრობამ, რომელიც სხვა ინტერესებს ემსახურება, არ შეძლოს ამ მოლაპარაკებების გახსნისთვის ხელის შეშლა, რადგან ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს. მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე, როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.