რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მალტაში გამართულ ფესტივალზე ისაუბრა და მსმენელს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
მაია, მოგვიყევით მალტაში გამართული ფესტივალის შესახებ,
28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით მალტაზე საქართველოს კულტურა იყო წარმოდგენილი. ამ ღონისძიების ორგანიზატორები „ქართული კულტურის ცენტრი“ და „ვიპიარ ჯგუფი“ გახლდათ. მალტაზე ქართველების მონაწილეობით ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში გაიმართა 11 სპექტაკლი, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი, ჩატარდა „თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” კონცერტი, მოეწყო ქართველი სცენოგრაფების, ხელოვანების, მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა, „საქართველოს კინოაკადემიამ“ მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები წარადგინა. ძალიან მომეწონა თეატრის მხატვრების გამოფენები.
მინდა გითხრათ, რომ „თბილისის ბიგ-ბენდმა“ საოცარი კონცერტი გამართა, რომელსაც მაყურებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა დაესწრო. კონცერტზე მოვიდნენ ქართველებიც. ღონისძიებაზე იყო ქართული სიმღერები, მრავალხმიანობა, რაც ძალიან მოეწონა მალტელ პუბლიკას. რა თქმა უნდა, იყო ჯაზიც. ჩვენს კონცერტს საპატიო სტუმარი, საქართველოს წარმომადგენელი მალტელი ქალბატონი ესწრებოდა, რომელმაც „თბილისის ბიგ-ბენდის“ მალტაში კვლავ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ თეატრში „მანოელი“, რომელიც „იუნესკოს“ დაცვის ქვეშ მყოფი კულტურის ძეგლია, „თელავის თეატრმა“, ავთო ვარსიმაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი გამართა. ფესტივალში მონაწილეობა ძალიან ბევრმა კარგმა თეატრმა მიიღო, მათ შორის, გორისა და ქუთაისის თეატრებმა. ღონისძიებაზე ფანტასტიკურად იმღერა „თეატრალური ინსტიტუტის გუნდმა“, მათი შესრულება ძალიან შთამბეჭდავი იყო. ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ თავისი ხელოვნება წინა ხაზზე წამოეწია“.
გადაცემის ჩანაწერი: