LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცების თვალით დანახული 8 მარტი – თავისუფლების იდეიდან ყვავილების ბიზნესამდე

„ძალიან მიხარია 8 მარტი, წელს ხუთშაბათს დაემთხვა და დასვენების დღეა,“  – „ფორტუნას“  ყველაზე გულახდილი რესპოდენტი 31 წლის ირაკლია. მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ 8 მარტი ქალთა დღეა და ამაში კაცები არ უნდა ჩაერიონ.

მიუხედავად ქილიკისა, რომ 8 მარტი „კლარა ცეტკინობაა“ და მეტი არაფერი, ეს დღეს, ყვავილების ბიზნესის წახალისების პარალელურად, პარფიუმერული მაღაზიების წმინდა დღესასწაულადაც მიიჩნევა.

კითხვა –  როგორ უნდა აღინიშნოს 8 მარტი, დიდი ხანია, პასუხგაცემულია.  სუნამო, სამკაული, ყვავილები თუ საღამო რესტორანში თუ ყველაფერი ერთად? საუკუნის დასაწყისში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებისთვის დაწყებული მოძრაობა საბოლოოდ მაინც გართობამდე მივიდა.   

 

რატომ უნდა აღვნიშნოთ 8 მარტი?

8 მარტის აღნიშვნა-არაღნიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოების და მათ შორის ქალების აზრიც ორადაა გაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული, დღესასწაულმა კომუნისტური ელფერი მაინც ვერ მოიშორა. საქართველოში დიდი პოპულარობით არც 8 მარტის დღესასწაულის დამაარსებლები – კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურიგი, სარგებლობენ.

8 მარტის აღმნიშვნელთა რიგებში არ არის გიორგი კეკელიძეც. უქმე დღეს რომანტიკულ კონტექსტში არ განიხილავს და ამის გამო არც უხერხული ინციდენტები ახსენდება. მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მომხრეა, უფრო მეტი ვიმუშაოთ, 8 მარტის აღნიშვნისას კი აქცენტი იდეაზე, ქალთა უფლებებსა და თავისუფლებაზე გავაკეთოთ.

ზოგადად არ ვარ ამ ტიპის დღესასწაულების დიდი ფანი, თუმცა, არც აღმნიშვნელთა მიმართ მაქვს რაიმე საწინააღმდეგო, რადგან ადამიანის უფლებების, ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ასეთი დღე საჭირო იარაღად შეიძლება, იქცეს. საზოგადოებისთვის სწორად მიწოდების შემთხვევაში, ნებისმიერი იდეა ჰპოვებს გამოხატულებას, თუ არადა დღე დარჩება მხოლოდ დღედ და ცარიელ სიტყვებად,“  – ამბობს „ფორტუნასთან” გიორგი კეკელიძე.

 

8 მარტი – ისტორია და ტრადიცია     

აშშ-ში ქალის საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის თებერვალში აღნიშნეს. სოციალისტური პარტიის ნიუ-იორკის შტაბმა მუშა ქალთა უფლებების დაცვისთვის მასობრივი გამოსვლა მოაწყო. ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. ამერიკელმა სოციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლო კვირა დღე  ქალთა დღესასწაული უნდა ყოფილიყო.

ევროპაში ქალთა დღის დამკვიდრება გავლენიანი სოციალისტი ქალის – კლარა ცეტკინის, სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წელს დაიწყეს. ერთი წლით ადრე  კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ დაწესების შესახებ განცხადა. 8 მარტს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება.

საქართველოსთან ერთად 8 მარტს ქალთა დღეს აღნიშნავენ ყირგიზეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, მოლდოვა, ნეპალი, რუსეთი, კუბა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. 8 მარტი დასვენების დღეა ჩინეთშიც, ოღონდ მხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცები ამ დღეს ჩვეულებრივ მუშაობენ.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g