წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში რძლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ჭელიძემ განუცხადა. რომელიც დაზარალებული ქალის უფლებებს იცავს.
იურისტი განმარტავს, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებული დროებით მამამთილის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ის მშობლების სახლში დაბრუნდა. შემთხვევის დღეს კი, აღნიშნული პირი რძალს კვლავ სახლში დაბრუნებას სთხოვდა.
„30 წლის ქალი მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე იყო. გუშინწინ, მისი გარდაცვალებიდან 6 თვე შესრულდა და არ მივიდა, რადგან მამამთილთან კონფლიქტი ჰქონდა და სიტუაციას მოერიდა. გუშინ, ახლო ნათესავებთან ერთად მეუღლის საფლავზე ავიდა, სადაც მოგვიანებით, მისი გარდაცვლილი მეუღლის მამა მივიდა. მამამთილი დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გაჰყოლოდა. ვინაიდან, ქალი აღნიშნულ პირთან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადრეც ყოფილა მამამთილს არ გაჰყვა, რა დროსაც, მამაკაცმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენჯერმე მოუქნია.
დაზარალებულს 3 ჭრილობა აქვს – ერთი ზურგის არეში, მეორე გულ-მკერდის არეში და ასევე, თავზე – შუბლზე აქვს დაზიანება. ეს ყველაფერი 4 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
იურისტი ამბობს, რომ მამამთილი სისტემატურად ძალადობდა რძალზე. “მეუღლის გარდაცვალებამდეც იყო ძალადობა, რის გამოც, ცოლ-ქმარი სახლიდან წამოვიდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალი სახლში ცოტა ხნით დაბრუნდა, თუმცა ძალადობის გამო, საბოლოოდ ისევ მშობლებთან გადავიდა.
ძალადობის გამო ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოსული იყო და მშობლებთან ცხოვრობდა, მამაკაცი კი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო. მამამთილი რომ გირტყამს, იქ რა გაგაჩერებს?
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ საქციელს ნანობს. ბრალი ჯერ წაყენებული არ აქვს, სასამართლოც 72 საათის განმავლობაში იმსჯელებს“, – განაცხადა ჭელიძემ.
ცნობისთვის, წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა, წყალტუბოში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.