მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უკვე ყოფილი პრემიერი დღეს 15:00 საათზე უპასუხებს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში დაწერა.
ბახტაძე “ფეისბუქპოსტში” ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე პრინციპულად მნიშვნელოვანია.
” ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა”, – წერს ბახტაძე.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში.
“მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა”, – წერს ბახტაძე.