გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. „ამასთან ერთად, ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტოავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე უფრო ხელმისაწვდიმი და კომფორტული გადაადგილების საშუალება გახდეს. ამასთან, ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოღებას, აქ ჩვენ ამავე დროს, ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით. აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღბა მიექცევა როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ბახტაძემ.