„ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ. იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები“ – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ განმარტა, როგორ მოხდება ახლად შექმნილი სააგენტოს ფარგლებში მოქალაქეების შერჩევა და მათი პოზიციის მონიტორინგი.
მდინარაძის თქმით, შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტი გამოვლინდეს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რა არის ადმინისტრაციულად გადაცდომა, რა არ არის დანაშაული და რა, არა.
„ამბავი არის ასეთი, ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ. იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები. მთლიანად ბრიტანეთის სამართლის პრეცედენტულ სამართალზე დგას და ბრიტანეთში, მაგალითად, რაღაც ქმედება ან მისი კრიმინალიზაცია ან მისი ადმინისტრაციული წესით დასაკვალიფიცირებლად გამზადება არ ხდება ყველას შესწავლის შემდეგ. პრეცედენტი ითვალისწინებს და პრეცედენტული სამართლის ნიშნები გარკვეულწილად ყველა ქვეყანას აქვს. ბრიტანეთი გაცილებით მეტად არის პრეცედენტულზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვენი სამართალი, მაგრამ პრეცედენტული სამართალი, ამ შემთხვევაში, დომინანტი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ პრეცედენტები ქმნიან შემდეგ სასამართლო პრაქტიკასაც, მათ შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვივლით ამ გზით. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტი იყოს გამოვლენილი იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რა არის ადმინისტრაციულად გადაცდომა, რა არის დანაშაული და რა, არა. ფარგლები, სად არის – საკმაოდ რთული საკითხია, მართლაც“, – აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, „გამოხატვის თავისუფლების და გამოხატვის უფლების ჩარჩოების განსაზღვრას სჭირდება მოფრთხილება ერთის მხრივ და მეორე მხრივ – ამ ჩარჩოს გაცდენას სჭირდება სწორი დაკვალიფიცირება იმისთვის, რომ შენი უფლების რეალიზებამ არ მოახდინოს სხვისი უფლების შელახვა“
„მართლაც ხომ არსებობს რისკი იმისა, რომ რაღაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩასაჯდომი ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციულ გადაცდომად. ეს რისკი რომ არ დადგეს პრეცედენტი არის ამის წამალი და ამის გადაწყვეტის უებარი საშუალება, მეტიც, მკურნალობის. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების და გამოხატვის უფლების ჩარჩოების განსაზღვრას სჭირდება მოფრთხილება ერთის მხრივ და მეორე მხრივ – ამ ჩარჩოს გაცდენას სჭირდება სწორი დაკვალიფიცირება იმისთვის, რომ შენი უფლების რეალიზებამ არ მოახდინოს სხვისი უფლების შელახვა. საბოლოოდ, ეს ოქროს შუალედი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რაღაცაზე შსს-მ შეიძლება წარადგინოს, ბრალი დასდოს ადამიანს, რომ შენ გასცდი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, დედის გინებით, შეურაცხყოფით, უხეში შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს, შელახე მისი პატივი და ღირსება, მაგრამ სასამართლომ მიიჩნიოს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ზის და არ მოიცავს შეურაცხყოფის ელემენტებს“, – განმარტავს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა.
„სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, – განაცხადა ქიმბერიშვილმა.
