LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში შეიჭრა, ცოტნეს ვენახი გადაწვა, შიგნით არავის არ უშვებს – ჯაბა კვარაცხელია

4029
FORTUNA.GE (53)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლესა და შვილს შორის დაპირისპირება, რომელიც ქონებრივ დავას უკავშირდება, კვლავ გრძელდება. ამჯერად მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, თბილისში არსებული კოლხური კოშკის, სადაც ცოტნე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, გასაღები გატეხა, საკეტი გამოცვალა და თავად დაბინავდა. სახლში შესვლის უფლებას არავის არ აძლევს, გარდა საკუთარი მხარდაჭერებისა. კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი ამოყარა და დაწვა. ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” ცოტნეს მეუღლის ადვოკატმა და მხარდამჭერმა, ჯაბა კვარაცხელიამ დაუდასტურა. მისი განმარტებით, მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოშკში თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ შეიჭრა.

“ცოტნე ცხოვრობდა კოლხურ კოშკში და მას ჰქონდა სახლის გასაღები. მას შემდეგ, რაც ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდა, ცოტნეს მეუღლემ გიორგი გამსახურდიას გადასცა გასაღები. რაც მანანა თურქეთიდან დაბრუნდა, ქონდა კოშკში შესვლის მცდელობა. ერთხელ პოლიციაც მიიყვანა და სთხოვა გაეტეხათ სახლი, მაგრამ პოლიციამ უარი უთხრა. ეს სადაო საკითხი იყო ცოტნესა და მანანას შორის. იყო სასამართლო დავა ქონებაზე. წლები არ ყოფილა მანანა კოშკში, ცოტნე უზღუდავდა მისვლას და იყო ეს პრობლემა. ივლისში, მანანამ გააჭრევინა გასაღები, გამოცვალა საკეტი და შევიდა კოშკში. შიგნით არავის არ უშვებს და რა არის დაზიანებული სახლში, არ მაქვს ინფორმაცია”, – აცხადებს ჯაბა კვარაცხელია.

მისივე ინფორმაციით, მაისის თვეში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღის იუბილეს აღსანიშნავად მისვლა ყველას აუკრძალა მანანა არჩვაძემ, გარდა საკუთარი მხარდამჭერებისა.

“ქალბატონი მანანა თანამესაკუთრაცაა. კოლხური კოშკი ანდერძით ზვიად გამსახურდიამ დაუტოვა გიორგის და ცოტნეს. გიორგიმ თავისი წილი გადაუფორმა მანანას. ზვიადის დაღუპვის დროს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანი გარდაცვალებამდე ანდერძის მიხედვით ქონებას თუ ტოვებდა, გარდა დასახელებული პირისა, ანუ ამ შემთხვევაში შვილებისა, სავალდებულო წილი ერგებოდა კიდევ სხვა მემკვიდრეს იმ შემთხვევაში თუ ის შრომისუუნარო იყო. დღევანდელი კანონმდებლობა განსხვავებულია. მანანას ამ კოშკთან დაკავშირებით ძალიან აგრესიული მოსაზრებები აქვს. დღეის მდგომარეობით თანამესაკუთრები არიან ცოტნე და მანანა”, – აცხადებს კვარაცხელია.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის უფლებადამცველი და ამავე დროს მხარდამჭერი ამბობს, რომ ცოტნემ დედის მიერ კოშკის შეჭრის შესახებ ინფორმაცია არ იცის. მისივე ცნობით, კოშკის ეზოში ვენახი მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გადაწვა.

“ცოტნემ ამიშ შესახებ არაფერი არ იცის. ანა არ ეუბნება, იმიტომ რომ უფრთხილდება მის ჯანმრთელობას. ცოტნესთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ვენახი, რომელიც თავად ჩარგო. მას კოლხური კოშკის მარანიც ქონდა. მერე მეგობრები ეხმარებოდნენ და უვლიდნენ ამ ვენახს. მანანა რომ შეიჭრა კოშკში, მეზობლებმა დააფიქსირეს კვამლი. სახანძროიც გამოიძახეს. ამ დღეებში კი ნახეს, რომ ვენახიც აღარ იყო. ეს მეზობლების ინფორმაციაა, რომელიც მომაწოდეს. ცოტნეს ვენახი დაწვა – ეს ინფორმაცია მაქვს. ანა ძალიან განიცდის ამ ამბავს. რადგან ამბობს, რომ როცა ვენახის ამბებს ცოტნეს ვუყვებოდი, თვალები უბრწყინავდაო, უხაროდაო. ჯერ ვერ ლაპარაკობს ცოტნე, მაგრამ ყველაფერი ესმის და ემოციებს გამოხატავს, ამიტომ კოშკთან დაკავშირებით მომხდარ ამბავს შეგნებულად არ ეუბნება”, – აღნიშნავს ჯაბა კვარაცხელია.

ადვოკატის განმარტებით, დედა-შვილს შორის დაპირისპირებას აქვს ძალიან ტრაგიკული საფუძველი. ის ამბობს, რომ მათ შორის რამდენიმე სასამართლო დავა იყო. ერთ-ერთი დავა გამომცემლობის საავტორო უფლებას უკავშირდება, რომელიც შემდეგ, სასამართლოს გზით დაიბრუნა ცოტნე გამსახურდიამ. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, კვარაცხელიას განმარტებით: “მიზეზი ქონების მიღმაა, ეს ოჯახური პრობლემა და დეტალებია, რომელსაც ალბათ მერე ოჯახი იტყვის”.