ანა ჯაბაური წლებია, ცოტნე გამსახურდიას გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს, რომ მეუღლე ბოლომდე გამოჯანმრთელდეს.
ანა გამომწერებს იმ რთულ გზაზე უყვება, რომელიც დარწმუნებულია, საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.
„მრავლობითი ტრავმა დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გუმლკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხრის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალასარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროს და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალას გაჭყლეტა.
ესაა დიაგნოზი, რომლითაც ცოტნე 2019 წლის 19 დეკემბერს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი ლაჩარი არაკაცის მზაკვრული თავდასხმის გამო გადაიყვანეს.
ამ დიაგნოზების გრძელ ნუსხას, თურქეთსა და გერმანიაში, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, დაემატება 7 ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, ორჯერ გადატანილი მძიმე მენინგიტი, გენერალიზებული სეფსისი, სამჯერ განვითარებული კომა, 6 მძიმე ჰოსპიტალური ინფექცია და 1,5 თვიანი ეპილეფსიური სტატუსისა და სერიული გულყრების მონაცვლეობა…
ამ ყველაფერს მანანა არჩვაძის მიერ (ზოგჯერ საკუთარ არაადექვატურ და აგრესიულ მომხრეებთან ერთადაც) მკურნალობა-რეაბილიტაციის გზაზე შექმნილი არაერთი სერიოზული დაბრკოლებაც დაემატა.
… მაგრამ მაინც, ვცოცხლობთ, ვიბრძვით, იმედს არ ვკარგავთ და გაუმჯობესებასაც ვაღწევთ.
გვინდა მოგიყვეთ, როგორ ვახერხებთ ამას, იქნებ, ცოტნეს მდგომარეობაში მყოფ რომელიმე პაციენტს ცოტათი მაინც დაეხმაროს ჩვენი გამოცდილება“, – წერს ანა ჯაბაური და გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ ხდება ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაცია.
