„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, ევროკავშირის 2022 წლის ანგარიშს ეხმიანება.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ აქვს და მას პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებენ“.
„ევროკავშირის ანგარიშს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად, სასამართლო და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხებია.
„ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლოს არ აქვს დამოუკიდებლობა, იყენებენ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ჩვენ ვნახეთ არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაქცია აქვთ.
თუ სასამართლოსთან, კორუფციასთან, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებული არ იქნება და რეკომენდაციები არ შესრულდება, საქართველო ისტორიულ შანსს დაკარგავს, მაგრამ ამას „ქართული ოცნება“ არ იდარდებს.
ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩააგდოს და ევროპის და ამერიკის ნაცვლად, გამოგვიცხადეს, რომ მათთვის ჩინეთთან პოლიტიკური პარტნიორობა ყოფილა მნიშვნელოვანი, თურმე ჩინეთის მმართველობითი გამოცდილება არის საჭირო, თურმე ქვეყანას კომუნისტური პარტია უნდა მართავდეს და არანაირი დემოკრატია მათ არ სჭირდებათ, რადგან ჩინური, რუსული „დემოკრატიის“ პირობებში ივანიშვილი შეინარჩუნებს აწ და მარადის ძალაუფლებას.
ეს არის მათი გათვლა და სულ არ აინტერესებთ, საქართველო რას იზამს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისათვის, ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.