არასამთავრობო ორგანიზაცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს მათ მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი და მისი მეგობარი ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშოვი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს 13 მარტს, კიევთან ახლოს მდებარე ტყეში.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლები ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით 24 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ატარებდნენ გამოძიებას და მათი მტკიცებით, მომხდარის სავარაუდო სურათის აღდგენა შეძლეს.
ლევინმა 10 მარტს კიევთან 20 კილომეტრში მდებარე ტყეში დაკარგა საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც ომის ამსახველ კადრებს იღებდა. სამი დღის შემდეგ ის იმ ადგილას მივიდა, სადაც საფრენი აპარატი დაკარგა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ამ პერიოდში მიმდებარე ტერიტორია უკვე ოკუპირებული იყო რუსების მიერ.
„დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოების ანალიზი, ასევე, ამოღებული მატერიალური მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამებაც კი“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც ცხადყოფს რუსი სამხედროების ყოფნას ლევინის მკვლელობის ადგილთან ახლოს. ასევე, ორგანიზაციის ცნობით, მეტალოდეტექტორის საშუალებით მათ აღმოაჩინეს ტყვია, რომელიც დიდი ალბათობით მაქს ლევინს მოხვდა.
ასევე, მომხდარის ადგილზე აღმოჩენილ იქნა ლევინის დამწვარი მანქანა და ჩერნიშევის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.