დღეს „ქართული ოცნება“არის რუსეთის მხარეზე, არის რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, ემხარება რუსეთს ამ ომში, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მან რუსეთის მომხრეებს ნაქართველარები უწოდა და განაცხადა, რომ მარგარიტა სიმონიანის ქების კავალერები არიან.
„მიხეილ სააკაშვილის ხსენება ახლა შეიძლება, მაგრამ დრო იყო ზვიად გამსახურდიას სახელის და გვარის ხსენება არ შეიძლებოდა. შეიძლება ქუჩაში მოეკალი ვინმეს. ეს იგივე ხალხია, შემადგენლობა რომ ნახოთ მაშინდელი ბუჩისტები ვინც არიან, ძალიან ბევრი მათგანი ამ ხელისუფლებასთან არის. ეს არის რუსეთზე მიბმული ჯგუფი ნაქართველარების, რომლებიც პერმანენტულად, დაგეგმვით რუსეთთან ერთად ებრძვიან საქართველოს. მარტო საერო პირები არ არიან, ეკლესიაშიც არიან ასეთები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. რახან ომი მიდის მსოფლიოში, ომს აქვს ერთი თვისება, ამარტივებს მხარეს. არ არის ფერადი მდგომარეობა, შავი და თეთრია, ან ერთ მხარეს ხარ ან მეორე მხარეს. დღეს „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მხარეზე, არის რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, ემხარება რუსეთს ამ ომში. ამათ მარგარიტა სიმონიანის მკერდზე აქვთ დაფიცებული წმინდა ორფილეს ხატზე. მარგარიტა სიმონიანის ქების კავალერები არიან. თავის სალავიოვები ჰყავთ, თავის ტელევიზიები აქვთ. რუსეთის გაგრძელებაა.
ბიძინა ივანიშვილს იცის, რომ ომს აგებს რუსეთი და ცუდ დღეშია. ივანიშვილის ამომრჩევლებს და რუსეთის მომხრეებს კიდევ ჰგონიათ რომ რუსეთი გაიმარჯვებს. თქვენ დღე გელოდებათ, ვერ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, როცა იხილავთ რუსეთის არმიის განადგურებას. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რუსეთს ხელშეკრულებით აღარ გაუშვებენ, რუსეთის არმია ჩაწვენილი იქნება უკრაინის ნოყიერ მიწაში, უფრო გაანოყიერებენ“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში.
