“მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მე ადეკვატურად არ მესახება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა, რომელიც „ემპათიის“ მედიკოსებთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„რაც ახლა მიმდინარეობს და რაც მიმდინარეობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოგნომური მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუმკურნალოთ დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავის დროზე არ დასვა სწორად დიაგნოზი და ადამიანს არ უმკურნალა. ჩვენი დიაგნოზი იყო დეკემბერში და დიაგნოზი არ შეცვლილა, თუ არ დაემატა.
ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. მაგალითად, დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციაზე, ჩატარებულიყო თავის ტვინის MRT კვლევა, ჩატარდა მაისში. ეს ადეკვატურად გესახებათ? ნეირომიოგრაფია, რომელზეც დეკემბერში იყო გაცემული რეკომენდაცია, ჩატარდა მარტში, თქვენ თუ გესახებათ ადეკვატურ კვლევებად არ ვიცი, მაგრამ მედიცინაში ადეკვატურად არ ითვლება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
„ემპათიის“ ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა, სააკაშვილი საზღვარგარეთ მულტიპროფილურ ცენტრში რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ, რათა მისი თქმით, სწორად უმკურნალონ.