LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების შედეგს ოპტიმისტურად ვაფასებთ“

141
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დაწყებით და ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრიტანეთის ბაზარი პრიორიტეტულია საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მოლაპარაკება პირდაპირი ფრენების დაწყებაზე პოზიტიური შედეგით დასრულდება. საქართველოს ავიაციის ბაზარი ზრდადია, განსაკუთრებით, ევროპის მიმართულებების ხარჯზე. ჩვენი ინტერესია, რომ ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებს შორის ბრიტანეთიც ვიხილოთ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ განვიხილავთ ბრიტანეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის გამართვას საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

magti 5g